მარტის ბაშოსთვის რეიტინგი განახლდა
იაპონური სუმოს ასოციაციამ დღეს სუმოისტთა განახლებული რეიტინგ-სია, იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა. სწორედ განახლებული სარეიტინგო სტატუსებით იასპარეზებენ სუმოისტები მოახლოებულ ჰარუ ბაშოზე, რომელსაც 9-დან 23 მარტის ჩათვლით ქალაქ ოსაკას მუნიციპალური გიმნაზიის ცენტრი უმასპინძლებს.
ახალ ბანძუკეში თითქმის 3 საფეხურით წაიწია წინ ჩვენმა გაგამარუმ, რომელიც ტოკიოში, იანვრის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსს ატარებდა. მინიმალურად დადებითი ბალანსით (8:7) დასრულებული ტურნირის შემდეგ კი გაგა ჯუღელი უკვე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას რანგში წარსდგება პუბლიკის წინაშე. ქართველი გოლიათი, რომელსაც გუშინ 27 წელი შეუსრულდა, წარმატებული სვლის გაგრძელებას შეეცდება მარტის ბაშოზე – მან ხომ ბოლო ორი ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა და ნამდვილად მოწადინებულია, რომ კაჩი-კოშების სერია არ შეწყვიტოს.
კიდევ ერთი გამოტოვებული ტურნირის შემდეგ მთელი 40 საფეხურით დაქვეითდა მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში მეორე ჩვენებური, ტოჩინოშინი. ლევან გორგაძეს წინა ბაშოზე მაკუშიტას მე-15 ნომრის პოზიცია ეკავა. განახლებულ რეიტინგში კი მაკუშიტას 55-ე ნომრის სტატუსი მიიღო მან.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ბოლომდე მოირჩინა თუ არა ტრავმა და შეძლებს თუ ვერა მარტის ბაშოზე გამოსვლას ტოჩინოშინი. როგორც გახსოვთ, ლევანმა ტრავმა გასული წლის ივლისის ტურნირზე მიიღო, როდესაც ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს ჯვარედინი მყესები გაუწყდა. რეაბილიტაცია კი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და ძალიან გაიწელა ქართველი ტალანტისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლევანს საბოლოოდ ვიხილავთ მონატრებულ დოჰიოზე და რაც მთავარია, დიდი წარმატებით დაბრუნებულს.