რას ფიქრობს მოურინიო ეტოოზე – პორტუგალიელის პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნეს
ფრანგულმა ტელეარხმა „კანალ პლუსმა“ ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.
„მყავს გუნდი, მაგრამ არა – თავდამსხმელი. „ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“, – სწორედ ეს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა „კანალ პლუსმა“.
მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ პირადი საუბრისას გაკეთებულ ამ განცხადებას ჟურნალისტები არ გამოაქვეყნებდნენ, თუმცა რეალობა სხვაგვარია.
მოურინიომ სხვა ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა:
„მყავს გუნდი, მაგრამ არ მყავს ფალკაო. ფალკაოს კი გუნდი არ ჰყავს. ასეთი თავდამსხმელი სამი ათასი გულშემატკივრის წინაშე არ უნდა თამაშობდეს.
შემიძლია თუ არა, რომ „მონაკო“ ჩავიბარო? მხოლოდ მაშინ, როდესაც კარიერას დავასრულებ. ზლატანი „ჩელსიში“? ეს შეუძლებელია. ის პარიზში ყველაფრით კმაყოფილია. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ და ვიცი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. მდიდარი „პსჟ“ მას არასდროს არსად არ გაუშვებს“.
ახლა „ჩელსის“ თავკაცს გუნდის თავდამსხმელების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს.
ბექა დოგრაშვილი