ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი მხოლოდ 22 წლისაა, ის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ბევრი ექსპერტის აზრით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ნეიმარი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს და „სელესაოს“ მუნდიალის მოგებაში დაეხმარება.
ნეიმარმა ინტერვიუ მისცა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
– ექვსი თვის წინ, სამშობლო დატოვეთ და კატალონიის „ბარსელონაში“ გადახვედით. გუნდთან ადაპტაცია მალევე გაიარეთ. ელოდით თუ არა ამას?
– სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. გამიმართლა, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი. ძალიან კარგი ადამიანების გვერდით მოვხდი, ისინი აქ თბილად დამხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს უამრავი ტიტული აქვთ მოგებული, ისინი საკმაოდ თავმდაბლები არიან. ბარსელონაში არაერთი მეგობარი შევიძინე. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ადაპტაცია მალევე გავიარე.
– უკვე, მოახერხეთ თუ არა ესპანური ენის შესწავლა?
– ესპანურად საუბარი ჯერ-ჯერობით მიჭირს. ესპანური ენა პორტუგალიულს გავს, მაგრამ რთული სასწავლია.
– გასულ წელს, კონფედერაციის თასის ფინალში, „ბარსელონას“ არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა. როგორ ფიქრობთ, მოახერხებენ თუ არა ისინი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში მოხვედრასაც?
– ვფიქრობ, ფინალში თამაშს ყველა ვერ მოახერხებს. მუნდიალზე, ყველა ნაკრები იმ მიზნით მიდის, რომ ტურნირი მოიგოს. ყველა გუნდი ბოლომდე იხარჯება და ცდილობს, ფინალში გააღწიოს.
– ლუიშ ფელიპე სკოლარის მოსვლის შემდეგ, რა შეიცვალა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში?
– ჩემი აზრით, ჩვენმა გუნდმა თავისი დამახასიათებელი ნიშნები მოიპოვა. ცხადია, იმისათვის, რომ სასურველი ფეხბურთი ვითამაშოთ, კიდევ დროა საჭირო. კონფედერაციის თასზე, ჩინებულად ვიასპარეზეთ. ძალიან შეკრული გუნდი გვყავს და რაც მთავარია, მოტივაცია არ გვაკლია.
– ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დღეებს ითვლიან. რას ეტყვით მათ?
– მინდა, მათ ვუთხრა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეული ჩვენგანი ბოლომდე დაიხარჯება და მათი გულების გახარებას შეეცდება. გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენს გვერდით დგანან და დარწმუნებული ვარ, ეს მუნდიალზეც ასე იქნება.
– დაასრულეთ: „2014 წელს, ნეიმარი იქნება…“
– …მსოფლიოს ჩემპიონი.
დიტო ჭიჭინაძე