რამაზ სოღოლაშვილის მცირე ინტერვიუ გულშემატკივრების მიმართ
საგაზაფხულო ეტაპი „დილამ“ ქუთაისში „ტორპედოსთან“ თასის 1/4 ფინალური შეხვედრით დაიწყო და წარმატებას მიაღწია.
ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში კი (სახლში „გურიასთან“ და სტუმრად „ზუგდიდთან“) მარცხი განიცადა, რაც მამდვილად მოულოდნელი იყო როგორც მწვრთნელების და კლუბის ხელმძღვანელობისთვის, ასევე მისი გულშემატკივრებისთვისაც. „ზუგდიდთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა სურვილი გამოთქვა ჩვენი საიტის მეშვეობით მიემართა გულშემატკივრისთვის.
რამაზ სოღოლაშვილი: „პირველ რიგში მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რომელიც განვლილ სამ შეხვედრაში იგრძნობოდა ჩვენს მიმართ და ასევე მინდა გულისტკივილი გამოვთქვა ჩემპიონატში განცდილი ორი მარცხის გამო. მე არ ვიმართლებ თავს და ამ ორ მარცხს მთლიანად ჩემ თავზე ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ საკადრო პრობლემები გვქონდა, როგორც საშიანაო შეხვედრაში „ლანჩხუთელებთან“, ასევე სტუმრად „ზუგდიდელებთან“. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ზედა ექვსეულში მოსახვედრად. ჩვენ ორივე მატჩში მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ შეიძლება ერთმა გამარჯვებამაც მოგვახვედროს მოწინავეთა შორის.
მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ სწორედ ახლა გვჭირდება მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტი თანადგომა, რათა დასახული მიზანი სისრულეში მოვიყვანოთ. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ბრძოლა ექვსეულისთვის გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად. ასევე კარგი შანსი გვაქვს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გასვლისა, რომელისკენაც ქუთაისში გამარჯვებით გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა.
ბოლოს მინდა დავამატო ის რომ მე არ გავურბივარ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან დაკისრებულ ვალდებულებას. ვგრძნობ მათ თანადგომას, მაგრამ თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის რომ ვერ ვასრულებ ან სხვა უკეთ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, თუმცა ვფიქრობ ასეთი ჟესტი ჩემი მხრიდან ამ ეტაპზე გაუმართლებელი და უსუსური ნაბიჯი იქნება, ამიტომ არ ვაპირებ ნაკისრი ვალდებულების თავის არიდებას.“
„დილას“ პრესსამსახური