ტოჩინოშინი ბრუნდება!
მარტის ბაშოს დაწყებამდე, რომელსაც ოსაკას მუნიციპალიტეტის გიმნაზიური ცენტრი უმასპინძლებს, მხოლოდ 4 დღე რჩება. დღეს კი სუმოს ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე შევიტყვეთ: 8-თვიანი პაუზის შემდეგ დოჰიოს უბრუნდება ჩვენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც გასული წლის ივლისში უმძიმესი ტრავმა მიიღო ნაგოია ბაშოზე და ამ დრომდე გაეწელა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი.
როგორც გახსოვთ, ლევანს მარჯვენა ფეხის ჯვარედინი მყესები გაუწყდა ერთ-ერთი ორთაბრძოლისას და დაზიანებული ქსოვილი იმდენად გაუსივდა, რომ ქირურგებმა 1 თვე ხელი ვერ მოკიდეს. ოპერაციის შემდეგ კიდევ 1 თვე დასჭირდა ფეხზე დასადგომად და იმის მერე ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპოვბრივად მიმდინარეობდა ტრავმირებული ფეხის რეაბილიტაცია.
დღეს ტოჩინოშინი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. მართალია, მცირე ტკივილები ისევ აწუხებს, თუმცა საგანგაშო არაფერიაო და თუ როგორ სპორტულ ფორმაში ხვდება ჰარუ ბაშოს, ამას მისივე განცხადებით, თავად ორთაბრძოლები გვიჩვენებს.
როგორც იცით, გამოტოვებული ტურნირების შედეგად, ლევანი მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში 55-ე ნომრამდე დაქვეითდა და სწორედ ამ სტატუსით დაიწყებს იგი მარტის ბაშოზე ასპარეზობას. რეგლამენტის მიხედვით, ამ დივიზიონში (ისევე როგორც მე-4, მე-5 და მე-6 დივიზიონებში) სუმოისტებს 7 ორთაბრძოლის ჩატარება უწევთ და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად მინიმუმ 4 შერკინების მოგება ჭირდებათ. შესაბამისად, მათ საშუალოდ ორ დღეში ერთხელ უწევთ დოჰიოზე საბრძოლოდ გასვლა.
იმედი ვიქონიოთ, არ გაუჭირდება ტოჩინოშინს პროგრამა მინიმუმის შესრულება და თუ ნატკენმა ფეხმა არ შეუშალა ხელი, ვინძლო დივიზიონის ჩემპიონობისთვისაც იბრძოლოს.
ამირან ურუშაძე