“ჩელსი”, “იუვენტუსი” და “მონაკო” ვან პერსის უმიზნებენ
სავარაუდოდ, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჰოლანდიელი თავდამსხმელი სამუშაო ადგილს შეიცვლის.
აქტიურად ვრცელდება ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ რობინ ვან პერსიმ შესაძლოა, “წითელ ეშმაკთა” შემადგენლობა დატოვოს, რადგან “მანჩესტერ იუნაიტედი” მუდმივად განიცდის მარცხს და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ვიხილავთ.
როგორც Mirror იტყობინება, მანჩესტერელთა 30 წლის გოლეადორით რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელობაა დაინტერესებული. მისი შეძენის მთავარ კანდიდატებად კი ლონდონის “ჩელსი”, ტურინის “იუვენტუსი” და “მონაკო” ითვლებიან.
სავარაუდოდ, ვან პერსის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება “არისტოკრატებმა” უნდა გამოიჩინონ, რადგან ჟოზე მოურინიოს უკვე წამოსცდა, რომ მას შემადგენლობაში ძლიერი თავდამსხმელის ხილვა სურს.
Mirror-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ფეხბურთის მოყვარულთა ნახევარზე მეტი (62%) ფიქრობს, რომ ვან პერსი მიმდინარე სეზონის ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს.
სანდრო საპანაძე