მზადება ჰარუ ბაშოსთვის
მოახლოებული ჰარუ ბაშოსთვის ქართველ სუმოისტებთან ერთად აქტიურ მზადებას გადიან სხვა რიკიშებიც. აღნიშნული მზადების პროცესში სუმოისტები ყოველდღიურად ათობით სპარინგ-ორთაბრძოლას ატარებენ.
სამწუხაროდ, უცხოურ პრესაში ჩვენებურთა სპარინგებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამაგიეროდ, ბევრი დაიწერა მათ შესახებ, ვინც ლიდერთა შორის მოიაზრება.
ტრავმის გამო გამოტოვებული იანვრის ბაშოს შემდეგ, აქტიურად ემზადება მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი. “მზიურმა ცხენმა” გუშინ ჯურიოს ბინადარ სოტაირიუსთან 8 შერკინება ჩაატარა და 7-ჯერ სძლია. მანამდე ჰარუმაფუჯი თანამემამულე ოძეკი კაკურიუს შეებრძოლა 10-ჯერ და აქედან 8-ში დამარცხდა. როგორც ჩანს, კაკურიუსთვის ცუნატორის (იოკოძუნობის კანდიდატი) სტატუსის მინიჭებამ ძალიან კარგად იმოქმედა და ახალი ძალა შემატა. ამას მოწმობს მისი შემდგომი სპარინგები, იაპონელ ექს-სეკივაკე ამინიშიკისთან, მონღოლ ტერუნოფუჯისთან და იაპონელ ტაკარაფუჯისთან. ხსენებულ სამეულთან ჩატარებული 19 შეხვედრიდან კაკურიუმ 18 მოიგო.
შთამბეჭდავ ფორმაშია, როგორც ჩანს, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოც. “თეთრმა ფენიქსმა” ჯერ იყო და იაპონელ კომუსუბი ტოიონოშიმას 10-დან 10 შერკინება მოუგო, მერე კი იაპონელთა ამომავალ ვარსკვლავს, პირველ მაეგაშირად განთესილ ენდოს ასევე მშრალად, 11-ივე ორთაბრძოლაში სძლია. სხვათა შორის, ენდომ ჰაკუჰომდე სპარინგ-პარტნიორობა ზემოთ მოხსენიებულ კაკურიუს გაუწია. მათ შორის გამართული 20-ივე (!!!) ორთაბრძოლა მონღოლი ცუნატორის სასარგებლოდ დასრულდა. როგორც ჩანს, ენდოს საკმაოდ გაუჭირდება ამ ბაშოზე პირველი მაეგაშირას სტატუსის დაცვა.
ჰარუ ბაშო, რომელსაც ქალაქი ოსაკა მასპინძლობს, სტარტს კვირას, 9 მარტს აიღებს და ტრადიციულად 15 დღეს გასტანს. ხვალ კი ტურნირის სასტარტო შერკინებათა განრიგი გამოქვეყნდება და თქვენი მონა-მორჩილიც აუცილებლად შეგატყობინებთ ქართველი სუმოისტების პირველ მეტოქეთა ვინაობას.
ამირან ურუშაძე