მარტვილელებთან მატჩის წინ
კვირას, 9 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის ოცდამეერთე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები მარტვილის საფეხბურთო კლუბ “მერანს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.
ამ ორი კლუბის პირველი გუნდების ოფიციალურ შეხვედრათა ისტორია 2011 წლის 10 სექტემბერს იწყება – “ზესტაფონისა” და მარტვილის “მერანის” პირველ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის არენამ უმასპინძლა და ის შეხვედრა მასპინძლებმა 3-1 მოიგეს. მასპინძელთაგან გოლები შოთა გრიგალაშვილმა, ჯაბა დვალმა და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან პრესტიჟის გოლი გიგა ამბროლაძემ გაიტანა.
შემდეგი მატჩი 2011 წლის 22 დეკემბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა – გოგი ფიფიასა და შოთა ბაბუნაშვილის გოლების წყალობით გამარჯვება (2-0) მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მებრძოლმა იმერლებმა მოიპოვეს.
“მერანისა” და “ზესტაფონის” რიგით მესამე დაპირისპირება 2012 წლის 14 აპრილს ისევ მარტვილში გაიმართა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად (მატჩის მიწურულს მატჩის არბიტრმა სტუმართა კარში ზედიზედ 2 პენალტი დანიშნა), საბოლოოდ ის ფრედ 4-4 დასრულდა. გოლები: ჯაბა დვალი – 2 (0-1; 0-2), დავით მუჯირი (1-3), თორნიკე გორგიაშვილი (3-4); პაპუნა ფონიავა (1-2), გიგა ჟვანია – 3 (2-3, 3-3, 4-4).
აღსანიშნავია ამ მეტოქეების მეოთხე ოფიციალური მატჩიც – ის 2012 წლის 20 მაისს გაიმართა და სწორედ ამ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმა. ის შეხვედრა 3-0 დასრულდა და მასში შოთა გრიგალაშვილმა თავი “ჰეთ-თრიქით” (1-0, 2-0, 3-0) გამოიჩინა.
2012 წლის 11 აგვისტოს “ზესტაფონმა” “მერანს” “დავით აბაშიძეზე” 3-1 მოუგო. ანგარიში ზესტაფონელთა მიერ იმ პერიოდში “მერანში” განათხოვრებულმა საბა ლომიამ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა თორნიკე გორგიაშვილის, თორნიკე აფციაურისა და პატრიკ მილხრაუმის გოლებით უპასუხეს. მორიგი მატჩი 2012 წლის 31 ოქტომბერს შედგა. ზესტაფონელებმა ლევან შარიქაძის, თორნიკე გრიგალაშვილისა და თორნიკე გორგიაშვილის გოლებით მეტოქე დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.
მარტვილელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა გასული წლის 26 ოქტომბერს შედგა. ეს მატჩი სამტრედიაში გაიმართა და ზესტაფონელებმა ვახტანგ ჭანტურიშვილისა და საბა ლომიას გოლების წყალობით ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს.
ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და მარტვილის “მერანს” ერთმანეთში 7-ჯერ უასპარეზიათ – 6 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 1 კი დასრულდა ფრედ. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერლები ფლობენ – 20:6.
მარტვილელებს დღესდღეობით ახლო წარსულში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და ზოგადად ეროვნული ჩეპიონატის ერთ-ერთი წარმატებული ფორვარდი ზურაბ იონანიძე წვრთნის. საინტერესოა, რომ ახლახან დასრულებული ზამთრის პაუზის შემდეგ ჩატარებული სამივე შეხვედრა “მერანმა” ფრედ დაასრულა.
მარტვილელებთან შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური