გოლეთიანის სამქულიანებმა სოხუმს რუსთავში მოაგებინეს
20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც სათამაშოდ აუტსაიდერი “სოხუმი” ჩავიდა და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. მატჩი სოხუმელებმა გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ბედი შოთა გოლეთიანმა გადაწყვიტა, რომელმაც მატჩის მიწურულს, როცა მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და გამარჯვებას მიუახლოვდნენ, ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და რუსთაველებს წარმატების იმედი გადაუწურა.
დებიუტში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა სოხუმელებმა დაცვითი თამაშის ხარჯზე მატჩის სადავეების მოპოვება მოახერხეს და პირველი მეოთხედის მიწურულს ლიდერობას დაეპატრონნენ – 19:18. მეორე მეოთხედიდან თემურ კანკიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა ტემპს უმატეს, დაცვა კი კიდევ უფრო გაალიერეს და შედეგიც მოიმკეს. დიდი შესვენებისთვის სტუმრებმა 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 35:25.
მესამე პერიოდის დასაწყისში სოხუმელთა უპირატესობამ 14 ქულას უწია, თუმცა რუსთაველებმა თამაში დაალაგეს, სწორი ტაქტიკისა და ზუსტი სროლების ხარჯზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა წინ გასვლა ვერ მოახერხეს და ბოლო ათწუთეულის წინ 4 ქულას აგებდნენ – 44:48.
ბოლო მეოთხედში მასპინლებმა გამარჯვებისკენ გაიწიეს, მათ ჩამორჩენა რამდენჯერმე 1 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ დაწინაურება ვერ მოახერხეს. თამაშის დასრულებამდე 1,10 წუთით ადრე სხვაობა 1 ქულა იყო, როცა შოთა გოლეთიანმა ზუსტი სამქულიანით 59:55 დააწინაურა “სოხუმი”. რამდენიმე წამში რუსთაველმა ირაკლი წიქარიშვილმაც 3-ქულიანი ჩააგდო და სხვაობის მინიმუმამდე შემცირებით მასპინძლებს წარმატების შანსი უბოძა, თუმცა ბოლო წუთი ახალდაწყებული იყო, გოლეთიანმა ისევ სამიანი რომ ჩააგდო და მატჩის ბედი სოხუმელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.
გამარჯვებულებს 31 ქულით გურამ კენჭიაშვილმა ულიდერა, გოლეთიანმა კი სოხუმელებს 15 ქულა შესძინა. 6 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა ვოვა ბულიგინმა. მასპინძლებში 19 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა, ხოლო ლევან ურიდიამ შეხვედრა 17 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
თემურ კანკია, “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:
“ბრძოლისა და კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მასპინძლებმა ბოლო მეოთხედში დიდი ძალებით შემოგვიტიეს, რასაც დაცვის ხარჯზე გავუმკლავდით. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებმა ბევრი ბურთი ააცილეს, რაც გახდა კიდეც მათი წაგების მიზეზი. მოხარული ვარ, რომ სეზონში მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ და ვეცდებით, დარჩენილ მატჩებშიც ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ”.
ირაკლი ჯაფარიძე, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით გადამწყვეტ მომენტში. არაერთხელ გვქონდა დაწინაურების შესაძებლობა, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში ჩვენი კალათბურთელები უპატიებელ შეცდომებს უშვებდნენ. ბოლო წუთზე კი ისეთი 2 სამქულიანი მივიღეთ, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. საქმე ამ სამქულიანებამდე არ უნდა მიგვეყვანა, თუმცა მეტოქემ ბოლომდე ბრძოლით ამის საშუალება არ მოგვცა და გამარჯვებას მიაღწია, რასაც ჩვენი გუნდის სახელით ვულოცავ სოხუმელებს”.