დიეგო დუბარდი – ბორჯღალოსნების ბრაზილიელი ქომაგი
დიეგო დუბარდი ბრაზილიელი მორაგბეა. ყველას კარგად მოესხენება, რომ ფეხბურთი ბრაზილიაში ნომერ პირველი სპორტი და ბევრად მეტი ვიდრე სპორტია და აქედან გამომდინარე ხშირად ვერ შევხვდებით ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ მორაგბეებს. შესაბამისად ბევრს არ ეცოდინება, რომ ბრაზილიას რაგბის ნაკრებიც ყავს და რიოს თამაშებისათვის მზადების ფარგლებში ადგილობრივი რაგბის კავშირი აქტიურად ამზადებს თავიანთ რაგბი 7-ს ნაკრებს.
დიეგომ რაგბის შესახებ პირველად 1996 წელს, საფრანგეთში მცხოვრები ბიძაშვილისგან შეიტყო – „ერთ დღესაც მკითხა რაგბის თამაში თუ მინდოდა. რათქმაუნდა მინდათქო და მან მაშინვე ბურთი მესროლა, მაგრამ ამას კაი გვარიანი ბოჭვაც მოაყოლა. 12 წლის ვიყავი და ძალიან გავბრაზდი ბიძაშვილმა ასე, რომ გამაბითურა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის კვართი მაჩუქა და წყენამაც გადამიარა“
2007 წელს დიეგომ რაგბის თამაში დაიწყო. მასზე დდი ზეგავლენა მისმა მეგობარმა გოგონამ იქონია, რომელიც წარმოშობით ბრაზილიის ყველაზე „სარაგბო“ ქალაქ საო ჟოზე დოს კამპოსიდან იყო.
„ბევრს ვარჯიშობდი და ვკითხულობდი რაგბის შესახებ. ყოველთვის შერკინებაში მიწევდა თამაში – მესამე ხაზის სამივე პოზიცია მოვსინჯე და ერთი წლის შემდეგ ჩემი გუნდის კაპიტანი გავხდი. ჩვენ კლუბს პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე ალპუიმი წვრთნიდა, რომელიც თავის დროზე პორტუგალიის ყველაზე ცნობილ კლუბ დირეიტოში თამაშობდა.
„იგი ცდილობდა ჩვენი თამაში დაეხვეწა და მუდმივად გვაძალებდა შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაგვეშვა. სწორედ ამ დროს გავიგე პირველად ქართული რაგბის შესახებ. იგი მუდამ იმეორებდა, რომ საქართველოს უძლიერესი შერკინება ყავს, რომ მათი აგორებული მოლი დაუძლეველი იყო. მე, როგორც მორკინალს ეს ძალიან მომეწონა და იმ დროიდან დავიწყე ქართული რაგბისათვის თვალ-ყურის დევნება. მალევე გავარკვიე, რომ გორგოძე დასახელდა საფრანგეთის საუკეთესო ლეგიონერად და რომ მან ბარბაროსებშიც ითამაშა. ასევე გავარკვიე, რომ ნებისმიერ ბობოლა ფრანგულ გუნდს შემადგენლობაში ერთი ქართველი პირველხაზელი მაინც ყავდა. მეც მალევე პირველ ხაზში, ბურჯის პოზიციაზე დავიწყე თამაში.“
2012 წელს მეგობრის მამამ, რომელიც საქართველოში ბრაზილიის ელჩი იყო, დიეგოს ბორჯღალოსნების თეთრი კვართი ჩაუტანა.
არგენტინული ტესტი
2013 წელს დიეგო, უკვე თავისი საყვარელი გუნდის – ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ არგენტინის ქალაქ სან ხუანში ჩავიდა.
„თამაშამდე „ჩვენების“ სასტუმროში მივედი. ძალიან მინდოდა პირადად გამეცნო ბიჭები. საათნახევრის განმავლობაში ველოდებოდი მანამ ჩვენებიდან ვინმე გამოჩნდებოდა. ვაჟა ხუციშვილი შევნიშნე. მაშინვე მივედი და ვახარე – ბორჯღალოსნების ბრაზილიელი ქომაგი ვარ და არგენტინაში მხოლოდ და მხოლოდ თქვენ საგულშემატკივროდ ჩამოვედიმეთქი. მემგონი თავიდან არ დამიჯერა, მაგრამ მერე ბორჯღალოსნების თეთრი კვართი ვანახე გაუკვირდა, ისიც მითხრა აქ როგორ მოახერხე ამის ყიდვაო.
„მოგვიანებით გუნდის ერთ-ერთი მენეჯერი, ოთო გავიცანი და ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი გუნდის თამაშებზე, ჩვენს მორკინალებზე და უკანახაზელებზე. ბიჭები ნელ-ნელა გამოჩნდნენ და ყველამ ჩემ კვართზე ხელი მომიწერა.
„ლევან ჩილაჩავა და სხვა მოთამაშეები მეკითხებოდნენ თუ ვთამაშობდი რაგბის და მაშინვე აყოლებდნენ – ხო ბურჯი ხარო! ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჩვენ ის შეხვედრა დავთმეთ არგენტინაში, მაგრამ სახლში ნასიამოვნები და უამრავი მოგონებებით დავბრუნდი.“
ჩვენი გუნდი
„ვიცი, რომ ჩვენი ნაკრები ოლ ბლექსის ან ქურციკების სიძლიერის არ არის, მაგრამ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაგბიში მხოლოდ მოგება ხომ არ არის მთავარი! მთავარია გულით ითამაშო, ამით იცხოვრო და სიამოვნება მიიღო! ბორჯღალოსნებმა ჩემ გულში სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი. მათ მე არგენტინაში, როგორც თავიანთი მეგობარი და დასაყრდენი ძალა მიმიღეს. მათი მხრიდან დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობდი. განსაკუთრებით მინდა მადლობა ლევან ჩილაჩავასა და ირაკლი აბუსერიძეს გადავუხადო.“
ჩვენი ჰიმნი
„სოც-მედიაში ბორჯღალოსნების უამრავი ქომაგი გავიცანი. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, განვიხილავთ განვლილ მატჩებს და ვუზიარებთ აზრებს მომავალ თამაშებთან დაკავშირებით. მათი დახმარებით ნელ-ნელა ქართულსაც ვსწავლობ.
დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო ჩვენი ჰიმნი, რათა თბილისში, ბორჯღალოსნების თამაშის სანახავად როდესაც ჩამოვალ ისე ვიმღერო თითქოს ქართველად ვყოფილიყავი დაბადებული!“
Rugby.Ge