“ინტერი”: 20 მილიონი ფუნტი ტორესის ლონდონიდან “გასათავისუფლებლად”
ლონდონის “ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელი “ინტერის” ხელმძღვანელობის ერთ-ერთ სამიზნედ იქცა.
მოგეხსენებათ, ამ კვირაში ოფიციალურად დადასტურად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნემანია ვიდიჩი “ნერაძურის” შემადგენლობას “მანჩესტერ იუნაიტედიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ახლა კი “ინტერმა” თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე დაიწყო ფიქრი. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ფერნანდო ტორესი მიიჩნევა.
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის “ჩელსის” მაისურით გატარებული სამი სეზონის შემდეგ ტორესმა რამდენიმე მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, გუნდის ძირითად თავდამსხმელად ჯერ მაინც ვერ იქცა. მეტიც, ჟოზე მოურინიოს თქმით, მის გუნდს ნამდვილი ბომბარდირი აკლია. ამიტომაც, “არისტოკრატები” უახლოეს ზაფხულში დიეგო კოსტას და რადამელ ფალკაოს შეძენას შეეცდებიან. გარდა ამისა, მოურინიო ასევე ინტერესდება მარიო ბალოტელის თამაშითაც, რომელსაც პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, კერძოდ “მანჩესტერ სიტიში”.
ამრიგად, ტორესს ექნება შესაძლებლობა გადავიდეს ისეთ გუნდში, სადაც უამრავი სათამაშო დროის გარანტია ექნება. ახლა ყველაფერი “ჩელსის” ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. როგორც “ინტერის” პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი აცხადებს, იგი ფულზე ვაჭრობას არ აპირებს, მაგრამ Daily Mail-ის თანახმად, “ჩელსი” მზადაა, ტორესს 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეელიოს.
სანდრო საპანაძე