აგრესია ქართულ სტადიონებზე
კვირის მთავარი თემა ქუთაისში გამართული მატჩი გახდა. თუმცა ფეხბურთის ნაცვლად, რომელიც 58-ე წუთამდე საკმაოდ კარგი საყურებელი იყო, საზოგადოების განსჯის საგანი მასპინძელთა გულშემატკივარის ქმედება გახდა. მოგეხსენებათ, “ტორპედოს” ფანების ნაწილი მოედანზე შევარდა, რის გამოც ქართული კლასიკო ჩაიშალა.
სამწუხაროა, რომ ადამიანთა რაღაც გაურკვეველი ჯგუფის გამო, მთელი ქალაქი დაზარალდა. ქალაქი, რომელსაც ქართულ ფეხბურთში საკმაოდ დიდი ტრადიციები აქვს. დაზარალდა მათი საყვარელი გუნდიც. ისე, ფეხბურთის ფედერაციას “ტორპედოს” ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით სხვაგვარი სასჯელის გამოტანაც შეეძლო. 18 300 ლარის გადახდით, უსაფრთხოების პრობლემა სტადიონებზე არ მოიხსნება. სამაგიეროდ, მივიღებთ ახალ პრობლემას – კიდევ ერთ გაჭირვებულ გუნდს.
საერთოდ, ისიც გასარკვევია, თუ როგორ აღმოჩნდა ერთდროულად ამდენი ადამიანი მინდორზე. ფაქტია, რომ სტადიონის ჭიშკარი თავისით არ გაიღებოდა. იმედია, ეს საკითხიც გამოძიებული იქნება.
ქუთაისური მოვლენების ფონზე დაიჩრდილა გორში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი, სადაც გულშემატკივარი მეოდანზე მსაჯთან ურთიერთობის გასარკვევად ჩავიდა. ერთი დღით ადრე კი, ქობულეთში “დინამოს ბათუმის” და “სამტრედიას” ფანებს შორის მოხდა დაპირისპირება. ინციდენტი მატჩის მიმდინარეობის დროს, უშუალოდ სტადიონზე მოხდა.
პრესიდან დაწყებული და ფეხბურთისგან შორს მყოფი ადამიანებით დამთავრებული მხოლოდ ქუთაისელი გულშემატკივრის კრიტიკა ისმის. მათი ასეთი საქციელი რომ მიუღებელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ საქართველოში განვითარების გზაზე მყოფი ფან-კულტურის გათვალისწინებით, ამას თავს ვერ ავარიდებთ და თუ შესაბამისმა ორგანოები ყურადღებით არ მოეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, შესაძლოა ქუთაისური ინციდენტი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემის დასაწყისი აღმოჩნდეს და ყურადღება სწორედ ამ საკითხს სჭირდება და არა განვლილი მოვლენის ათასჯერ გახსენებას. ფაქტობრივად ყველა დიდ ქალაქში უკვე არსებობს ფან-მოძრაობები, რომლებიც თავის გუნდს მხარს ყველა მატჩში უჭერენ.
ასე რომ, სტადიონებზე უსაფრთხოების ზომებია გასაძლიერებელი, თუმცა არა პოლიციის ძალებით. პოლიცია ქუთაისშიც უხვად იყო და სხვა ქალაქებშიც, სადაც დაპირისპირებებს ჰქონია ადგილი, მაგრამ უსიამოვნო ფაქტებს მაინც ვერ ავცდით. ხშირ შემთხვევაში კი, არც პოლიციის ქმედება იყო სამაგალითო. სტადიონებზე ძალოვნების არსებობამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი აგრესია წარმოქმნას.
ყველაფერში ევროპას ვედრებით და სპორტულ არენებზე უსაფრთხოების საკითხშიც რომ მივბაძოთ არ იქნება ურიგო. თუნდაც ინგლისში, სადაც მოწინააღმდეგე გუნდის ფანები ერთმანეთს ვერ იტანან, სტადიონზე ვერცერთ პოლიციელს ვერ ნახავთ. უსაფრთხოებას იქ სპეციალურად მომზადებული სტიუარდები იცავენ.
ასე რომ, თუ შესაბამისი ორგანოები დროულ და რაც მთავარია სწორ ზომებს არ მიიღებენ, ასეთ ფაქტები მომვალაში გასაკვირი აღარ იქნება.