ახალი კლუბი ძველი სახელით
თბილისში ახალი კლუბი დარეგისტრირდა – თბილისის “სპარტაკი”. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი შანიძის თქმის “სპარტაკის” ეკიპირებაზე “მასტერ სპორტის” მაღაზიათა ქსელი იზრუნებს. გარდა ამისა, ახალ კლუბში ინვესტიციის ჩადებაც იგეგმება.
“პირველ ლიგაში გვსურდა თამაში, მაგრამ ფედერაციიდან უარი მივიღეთ და ასპარეზობას მეორე ლიგიდან დავიწყებთ. “სპარტაკი” ფეხბურთში ნიჭიერი ბიჭების დასაბრუნებლად შევქმენით. მაგალითად გურამ მინდორაშვილი, რომელიც ფეხბურთი გულშემატკივარს “დინამოს” დუბლებიდან და ძირითად გუნდში ჩატარებული რამდენიმე მატჩით უნდა ახსოვდეს. მას გარდა კიდევ ბევრია ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებმაც სამწუხაროდ სათანადოდ ვერ შესძლეს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა.
“სპარტაკს” ახალგაზრდა მწვრთნელები – გიორგი გოგიჩაიშვილი და დავით თაქთაქიშვილი გაწვრთნიან. სპორტული დირექტორი კი ყოფილი დინამოელი და ფუტსალის გუნდ “გრანდის” კაპიტანი გიორგი კუხალაშვილი იქნება.
საფეხბურთო სკოლებთანაც ვაპირებთ თანამშრობლომას და უახლოეს მომავალში კონტრაქტს “გრანდთან” გავაფორმებთ, საიდანაც ნიჭიერი ფეხბურთელები “სპარტაკში” მოხვდებიან.
საშინაო არენის თაობაზე მალე ჩამოვყალიბდებით. ამ ეტაპზე რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ასევე ვაპირებთ საქველმოქმედო ფონდის შექმნას, რომელიც სპორტსმენებს ტურნირებით და აქციებით დაეხმარება. იგეგმება მინი ფეხბურთის ორი ტურნირი გურიასა და თბილისში’ – განაცხადა გიორგი შანიძემ.