“ბათუმმა” რუსთავში მოიგო
სუპერლიგის მეორე წრის მე-6 ტური დღეს რუსთავში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “ბათუმს” უმასპინძლა და შეხვედრა 85:62 დათმეს. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ „ზღვისპირელებმა“ შესანიშნავი მესამე მეოთხედი ჩაატარეს, რომელშიც გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი.
პირველი მეოთხედის 11:22 წაგების შემდეგ მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და 5-წუთიანი მონაკვეთში14:2 გაქცევის შემდეგ 25:24 დაწინაურდნენ, თუმცა “ბათუმი” დროულად გამოფხიზლდა და პირველ რიგში დაცვის კარგი თამაშის ხარჯზე გამოასწორეს მდგომარეობა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ბათუმელებმა ძირითადად ლეგიონერთა ძალისხმევის ხარჯზე შესძლეს რუსთაველთა შემტევების შეცერება.
პირველი ტაიმის დასრულებამდე აჭარულმა გუნდმა უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, დიდი შესვენების შემდეგ კი სტუმრებმა გაილაღეს. პერიოდი 33:10 მოიგეს, 30 ქულით დაწინაურდნენ და ბოლო პერიოდს ინტრიგა დაუკარგეს. “ბათუმმა” საბოლოოდ 85:62 მოიგო და ჩემპიონატში გამარჯვებათა რიცხვი 8-მდე გაზარდა.
ბათუმელებს 18 ქულა-11 მოხსნით ჯერემი სეფოლდმა ულიდერა. 19 ქულით ბომბარდირი ჯუნიორ ქედუგინი გახდა, ლაშა კეშელავამ კი 4 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. მასპინძელთაგან 21 ქულით საუკეთესო რეზო ჩაჩანიძე იყო, გიორგი ყველაშვილს კი ორმაგ ქუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
სუპერლიგის მიმდინარე ტური ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში გასამართი 3 მატჩით დასრულდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
მიხეილ კობეშავიძე, “ბათუმის” მთავარი მწვრთნელი:
ანგარიში რეალურად არ ასახავს გუნდების ძალთა თანაბარდობას. “რუსთავი” არაა ისეთი გუნდი, რომ შინ ასე იოლად დამაცხდეს, მაგრამ დღეს ასე მოხდა, მასპინძლებს თამაში ჩაუვარდათ, ჩვენ კი პირიქით, კარგად ვითამაშეთ. რამდენიმე წაგების შემდეგ როგორც იქნა გავიმარჯვეთ, გუნდში ჯერაც მიმდინარეობს ლეგიონერთა შეთამაშების პროცესი და ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებს ვაღწევთ.
ოთარ ხმელიძე, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“ჩვენ არ გვყავს ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორც “ბათუმს”. მიუხედავად ამისა, წარმატების მიღწევა შეიძლებოდა, მაგრამ მეორე მესამე მეოთხედში თამაში ჩაგვივარდა, ვერც გარედან ჩავაგდეთ და ვერც ფარქვეშ შევძელით მეტოქის შეჩერება. ჩვენი გუნდი მეორე წრეში უკეთ თამაშობს, თუმცა სერგო ათუაშვილის გამოკლების შემდეგ რეალურ წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია.