ბუნდესლიგის პრევიუ
ტურის ცენტრალური მატჩი “ბაიერნის” და “ბაიერის” დაპირისპირება იქნება, თუმცა ფავორიტი ამ შეხვედრაში გამოკვეთილია. ტრადიციულად გთავაზობთ ბუნდესლიგის მორიგი ტურის პრევიუს.
აუგსბურგი – შალკე
“ჰოფენჰაიმთან” გამარჯვებით “შალკემ” ხასიათი ოდნავ გამოისწორა და მოახლოებულ ტურში “აუგსბურგთან” სათამაშოდ ემზადება. გელზენკირხენები კვლავაც ინარჩუნებენ ოთხეულში მოხვედრის შანშებს. თუმცა, “შალკესთვის” დამახასიათებელი არასტაბილურობის გათვალისწინებით ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იოლი არ იქნება.
“აუგსბურგი” კი სეზონის მთავარი სენსაციაა და ამას ყოველ ტურში ამტკიცებს. გუნდი მეექვსე საფეხურზეა და “შალკეს” მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება. ანუ, გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება.
ბორუსია დორტმუნდი – ბორუსია მიუნხენგლადბახი
ბორუსიების დაპირისპირება ყოველთვის დიდი აჟიოტაჟს იწვევს. ახლა კი, როდესაც ორივე გუნდი მაღალი მიზნებისათვის იბრძვის, ეს მატჩი გაცილებით უფრო პრინციპული ხასიათის უნდა იყოს.
ერთი შეხედვით, დორტმუნდელებს უფრო მეტი შანსი აქვთ. კლოპის გუნდი საკმაოდ ნორმალურ ფეხბურთს თამაშობს ბოლო დროს. გლადბახი 2014-ში ძველებურად ვეღარ გამოიყურება. მოუგებელმა სერიამ კი, 9 მატჩს მიაღწია.
ბაიერნი – ბაიერი
ტურის ცენტრალური დაპირისპირება მიუნხენში შედგება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “ბაიერნი” და ლევერკუზენის “ბაიერი” შეხვდებიან. იშვიათი შემთხვევა, როდესაც 1-3 პოზიციებზე მყოფიი გუნდების დაპირისპირებას ფაქტობრივად არანაირი ინტრიგა არ ახლავს თან. ამის მიზეზი კი, ის 24-ქულიანი ჰანდიკაპია, რომელიც “ბაიერნის” უდიდეს უპირატესობაზე მეტყველებს მიმდინარე სეზონში.
თუმცა, ნეიტრალურ გულშემატკივარს თანაბარი და დაძაბული დაპირისპირების ხილვის იმედს ის აძლევს, რომ ბოლო პერიოდში ლევერკუზენელებმა “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში ისწავლეს. მაგალითად პირველი წრის შეხვედრა. “ფარმაცეფტებმა” საკუთარ მოედანზე გვარდიოლას გუნდთან 1-1 ითამაშეს.
14/03/14
15/03/14
16/03/14