წინათქმა ივანწმინდაში გასამართ მატჩამდე
16 მარტს, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ მეორეადგილოსან საჩხერის „ჩიხურას“ სოფელ ივანწმინდის(საჩხერიდან 6 კილომეტრი) სტადიონზე ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ამ არენის რეაბილიტაციის შემდეგ ეს უკანასკნელი გუნდი პირველად გამართავს საშინაო მატჩს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.
მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ წინა თამაშმა მთელი საქართველოს ყურადღება არასასიამოვნო მოვლენების გამო მიიპყრო. თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრის დღეს ჩავლილმა ბატალიებმა გარდა იმისა, რომ მატერიალურად გვაზარალა, ასევე, ჩემპიონატში ჩვენ კლუბს ქვედა ექვსეულში საბოლოოდ დაუმკვიდრა ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ქუთაისელებს „უმაღლესში“ ადგილის შენარჩუნებაც არ აქვთ გარანტირებული, უფრო უარესიც, ამისთვის დიდი ენერგიის გაღებაც მოუწევთ. თავის მხრივ, ბოლო მატჩების მიხედვით, არც საჩხერული გუნდია მოწოდების სიმაღლეზე. სოსო ფრუიძის ფეხბურთელებმა ლიდერ „დინამოსთან“ ჩამორჩენა 10 ქულამდე გაზარდეს და უახლოეს მდევარ „ზესტაფონს“ კი მხოლოდ ქულითღა უსწრებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ დამდეგი ტური განსაზღვრავს თუ რომელ ადგილებზე შეხვდებიან უმაღლესლიგელები გათამაშების ახალ ეტაპს.
„ჩიხურამ“ 2013 წელი მას შემდეგ გააცილა, როცა თბილისის „დინამოს“ სუპერ თასი არ დაუთმო(1:0) და საკუთარ ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. ეს წელი კი ჩვენი მეტოქე გუნდისთვის, უდავოა, რომ წარმატებულად არ დაწყებულა. აღნიშნულის პირველი დასტურია, ზამთრის შეკრების საქართველოში გავლა, რამაც ნაკლებად ნაყოფიერად ჩაიარა. მეორე „მოწმობა“ კი არადამაჯერებელი გამოსვლებია. მიუხედავად ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის დამატებისა: ხმალაძე, ე. გრიგალაშვილი, გაბედავა, გ. კვარაცხელია, სეზონის განახლების შემდგომ მათ ასეთი შედეგები აჩვენეს: ფრე მეოთხედფინალის პირველ მატჩში სტუმრად ბოლნისის „სიონთან“(1:1), მოგება გასვლაზე ცხინვალის „სპარტაკთან“ (3:2) და მარცხი ბოლო ორივე მატჩში – ზესტაფონში თბილისის „დინამოსთან“(1:5) და ლანჩხუთში „გურიასთან“(0:2).
მიმდინარე ჩემპიონატში გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა ქუთაისში „ჩიხურას“ გამარჯვებით დასრულდა(2:1), იხილეთ პროტოკოლი – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=214, აქვე მოგახსენებთ, რომ დამდეგ შეხვედრას დისკვალიფიკაციის(ზედმეტი ყვითელი ბარათების) გამო ორივე გუნდიდან ეყოლება დანაკლისი: მასპინძელთაგან დავით ოდიკაძე, ხოლო სტუმართაგან ბექა ტუღუში ვერ ითამაშებს.
„ჩიხურასთან“ „ტორპედომ“ სულ 6-ჯერ გამართა იმერული დერბი. სტატისტიკა ასეთია: 3 „მშრალი“ მატჩი, 2 მოგება და 1 მარცხი ტორპედოელთა უპირატესობას გვიჩვენებს. ბურთების უკეთესი ბალანსშიც ქუთაისელებს აქვთ – 7:4. პირველად ტორპედოელებმა 2007 წელს გრიგოლ იმედაძის დუბლით იმარჯვეს(2:0). 2012-13 წლების სეზონში გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა ქუთაისში „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა 3:1(გოლები: გიორგი ბერიაშვილი და ნიკა საბანაძე(2)). ამავე სეზონში ორმა მატჩმა უგოლოდ ჩაიარა, რასაც მოჰყვა ივანწმინდაში დაფიქსირებული 1:1 და ბოლოს, „ჩიხურასთან“ ისტორიაში პირველად განცდილი მარცხი(1:2), რომელზეც უკვე ვახსენეთ.
FCTorpedo.GE