ტოჩიმ კაჩი-კოში გაიფორმა, გაგა ისევ არასტაბილურია!
დღეს, ჰარუ ბაშოს ნაკაბიზე, რიგით მე-4 გამარჯვება იზეიმა ჩვენმა ტოჩინოშინმა და ამით კაჩი-კოშიც (დადებითი ბალანსი) გაიფორმა. ლევან გორგაძემ მაკუშიტას 51-ე ნომერ, იაპონელ ტეცუიუძანს ჰატაკიკომით სძლია.
მართალია, ტოჩიმ კაჩი-კოში უკვე გაიფორმა, თუმცა იგი ამაზე დაკმაყოფილებს არ აპირებს და აუცილებლად იბრძოლებს მაკუშიტას ჩემპიონობისთვის. აღსანაიშნავია, რომ იმ დივიზიონში, სადაც 120 რიკიში ირიცხება, ტოჩინოშინთან ერთად კიდევ 6 სუმოისტი დარჩა ისეთი, რომელსაც მარცხი არ განუცდია. მათი რიცხვი კი დღითი დღე კიდევ უფრო შემცირდება.
ზედიზედ 2 დღიანი დასვენების შემდეგ, ლევანს ხვალვე მოუწევს რიგით მე-5 ორთაბრძოლის ჩატარება ბაშოზე. მისი მეტოქე სანდანმეს (რიგით მე-4) დივიზიონის მე-2 ნომერი, იაპონელი შიბაჰარა იქნება. 24 წლის რიკიშის კარიერა 2010 წელს დაიწყო და მაქსიმუმი, რისთვისაც მას მიუღწევია, არის მაკუშიტას 41-ე ნომრობა.
სამწუხაროდ, ლევანს მხარი ვერ აუბა გაგა ჯუღელმა და ისევ მარცხი იწვნია დღეს. ქართველი გოლიათი მე-16 მაეგაშირად განთესილ, იაპონელ სატოიამასთან დამარცხდა, შიტატენაგეს ილეთით. არადა, გაგამარუ ჩია ტანის იაპონელს მთელი 76 კგ-ით აღემატება და წესით, ყველა პირობა ქონდა იმისთვის, რომ დღევანდელი ტურის შემდეგ ბალანსი გაენულებინა. თუმცა, ის თეორია, რომ სუმოში მხოლოდ წონით ვერაფერს გახდები და აუცილებლია ტექნიკა, ნათლად დაამტკიცა დღეს სატოიამამ. იაპონელმა ჩვენებურის საწყისი იერიშების მოგერიების შემდეგ, მავაშიში ჩაავლო ხელები გაგას და საკმაოდ დაძაბული, სანახაობრივი ორთაბრძოლის ფინიშზე ზემოთ აღნიშნული ილეთით დასცა დოჰიოზე.
აღსანიშნავია, რომ მე-3 ტურიდან მოყოლებული, გაგამარუს ყოველ გამარჯვებას მარცხი მოსდევს და პირიქით. საერთო ჯამში კი 8 ტურის შემდეგ 3 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა ჩვენ ფალავანს.
გაგას შემდეგი მოწინააღმდეგე ბულგარელი გოლიათი, მე-5 მაეგაშირა აოიიამა იქნება, რომელიც ჩვენი ტოჩინოშინის თანაგუნდელი გახლავთ, კასუგანოს სკოლიდან. ამ დროისთვის დანიელ ივანოვს გაგამარუს საპირისპირო ბალანსი (5-3) აქვს ბაშოზე. ურთიერთშეხვედრებში კი მცირე უპირატესობას ჩვენებური ფლობს – განვლილი სამი შერკინებიდან გაგამ 2 მოუგო ბულგარელს.
ამასობაში ტურნირის ლიდერთა რიცხვი ერთით შემცირდა დღეს. 22 წლის ეგვიპტელმა ამომავალმა ვარსკვლავმა ოსუნაარაშიმ პირველი მარცხი განიცადა. მისი დამარცხება იაპონელთა აგრეთვე ამომავალმა ვასკვლავმა, ენდო შოთამ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ენდომ პირველ 4 ტურში განცდილი წაგებების შემდეგ, ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა დღეს და საგრძნობლად გამოისწორა მდგომარეობა.
მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი კი კვლავაც წაუგებლად აგრძელებენ ასპარეზობას და დღითი დღე უფრო ლამაზ ორთაბრძოლებს გვიჩვენებენ. მათ ბევრით არ ჩამოუვარდება კიდევ ერთი მონღოლი, იოკოძუნობის კანდიდატი ოძეკი კაკურიუ, რომელსაც ოსუნაარაშის დარად 7 მოგება და 1 მარცხი აქვს ბაშოზე. ხსენებული დუეტის უკან კი, 6 გამარჯვებითა და 2 მარცხით, ერთბაშად 5 სუმოისტი დგას.
ყველაზე მეტად ვიზეც შეიძლება გული დაგვწყდეს, ეს ბულგარელი სეკივაკე კოტოოშუა. სულ ცოტა ხნის წინ ოძეკის წოდების მატარებელი სეკიტორი ისეა წამხდარი, რომ ფაქტიურად ყველა უგებს, ვისაც არ ეზარება. კოტოოშუმ დღეს რიგით მე-7 მარცხი იწვნია და მხოლოდ 1 წაგებაღა აშორებს მაკე-კოშამდე.
ჰარუ ბაშო დღეის სწორს, 23 მარტს დასრულდება და როგოც ჩანს, ძალიან საინტერესო ბატალიები გველოდება წინ.
ამირან ურუშაძე