დინამოს კიდევ ერთი საშინაო მარცხი
“დინამო არენაზე” თბილისი “დინამოსა” და რუსთავის “მეტალურგს” შორის გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.
თამაშის დაწყებამდე, დიდი ფეხბურთიდან გიორგი შაშიაშვილი გააცილეს. დინამოელმა მადლობა გადაუხადა გუნდს, გულშემატკივრებს და კლუბის პრეზიდენტს, რომან ფიფიას.
მოსაწყენი და ნელ ტემპში წარმართული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარზე მოედანზე სიტუაცია შეიცვალა და ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა, რომელთა უსაფრთხოებაზეც პოლიციის საკმაოდ დიდი რაოდენობა ზრუნავდა, საკმოდ საინტერესო ფეხბურთი იხილა.
ტაიმის დებიუტში დინამოელები გააქტიურდნენ, თუმცა მარცვალაძე-მერებაშვილი-ჩისკოს მცდელობები უშედეგო იყო. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ რუსთავის გუნდის მცველები, რომელიც დინამოელებს მაქსიმალურად უზღუდავნდნენ თავისუფალ ზონებს.
64-ე წუთზე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მარცხენა ფლანგზე განვითარებული კომბინაციის შედეგად დასარტყმელ პოზიციაზე ქავთარაძე აღმოჩნდა. თუმცა, მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. გოლი ამ მომენტიდან ზუსტად სამ წუთში გავიდა. “მეტალუგრმა” ისევ მარცხენა ფლანგიდან შემქნა ხიფათი, რის შედეგადაც სახიფათო საჯარიმოს შესრულების უფლებაც მოიპოვა. მეკარის ბაქანთან ჩამოწოდებულ ბურთს ექვთიმიშვილი გამოეხმაურა და თავით გაგზავნა ლორიას კარში – 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელები შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა გააზრებული კომბინაცია ჟვანიას გუნდის შესრულებით გულშემატკივარმა ვერ იხილა. უკანასკნელი 10 წუთში “დინამოს” ფეხბურთელებმა შტურმის მოწყობა სცადეს და მთელი გუნდით გადავიდნენ მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მოიგო იმან, ვისაც ეს უფრო სჭირდებოდა – “მეტალურგმა” ექვსეულშია.
დინამო და მეტალურგი ერთმანეთს 20 მარტს, თასის გათამაშების საპასუხო სეხვედრაში შეხვდებიან.
დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე (ჯანელიძე), მერებაშვილი, პაპუნაშვილი (გოგა), კვირკველია, მარცვალაძე (მოდებაძე), ჩისკო, გველესიანი, ძარია.
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, ქავთარაძე, დობროვოლსკი, ლომაია, ჩრგაძე (ჩიმაკაძე), კაკაშვილი (ვასაძე), გიგაური (გოგინაშვილი), საჯაია, ექვთიმიშვილი, კილასონია.
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მატჩის შემდეგ
ვარლამ კილასონია (მეტალურგი): “დინამოსთან თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენ მთელი კვირა საგანგებოდ ვემზადებოდით და ჩვენთვის უცხო ტაქტიკაზე ვმუშაობდით, რომელიც 5 მცვლეით თამაშს გულისხმობს. ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს. ველოდით ჩვენს შანსს, რომელიც საბედნიეროდ მოგვეცა და გამოვიყენეთ კიდეც. სპეკულაციები მატჩის გარიგებული ხასიათსი შესახებ გადამეტებულია. ჩვენც და “დინამოც” სამართლიანი თამაშის პრინციპით ვხელმძღვანელობთ.”
მალხაზ ჟვანია (დინამო): “კიდევ ერთი საშინაო მატჩი წავაგეთ. აშკარაა კონცენტრაციის პრობლემა. მინდორზე უფრო მობილიზებულები უნდა გავიდეთ. ჩვენს მოედანზე ყველა მოწინააღმდეგე დაცვით ფეხბურთს გვეთამაშება, რაც საქმეს მნიშნველოვნად ართულებს. სიტუაციის გამოსასწორებლად ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ.
ფოტო: fcdinamo.ge