“ტორპედოს” სათადარიგოების მორიგი გამოსვლა
17 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ სათადარიგო გუნდი(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, გიორგი მეგრელაძე, ვლადიმერ ჭყონია) სტუმრად საჩხერის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ამავე ქალაქის სახელით მოასპარეზე „ჩიხურას“ რეზერვისტებს შეხვდა.
ზემო იმერეთში სტუმრად ჩასულ ქუთაისელებს გუშინდელისგან რადიკალურად განსხვავებული ამინდი დახვდათ. წვიმიანი თოვლი გუნდებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, თამაშს ღიმღამი არ ჰქონდა დაკარგული. მე-12 წუთზე, ტორპედოელებმა კონტრშეტევა განავითარეს, ხარაბაძის გადაცემით საშუალო დისტანციიდან შედეგიანად გია ღვიტიძემ დაარტყა და ანგარიშიც გახსნა – 0:1. თამაში ორმხრივ იერიშებსა და გარდამავალ უპირატესობაში გაგრძელდა, მხარეები საგოლე მომენტებსაც ცვლიდნენ. მატჩის ბედი კი ბოლო 15-მა წუთმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა სუსტად ჩაატარეს და 2 უპასუხოდ მიღებული გოლით ამჯერადაც დამარცხდნენ(1:2). აღსანიშნავია, რომ საჩხერელებს სხვაობის გაზრდა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით შეეძლოთ, მაგრამ მეკარე ადამიამ მის გუნდს ანგარიშში მინიმალური ჩამორჩენა საბოლოოდ შეუნარჩუნა.
აქვე გაუწყებთ, რომ დუბლშემადგენლობათა ტურნირის 21-ე ტურის გადადებული მატჩი „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 21 მარტს, თბილისელთა საწვრთნელ ბაზაზე შედგება.
დღევანდელ შეხვედრაში კი „ტორპედო-2“-ის შემადგენლობა ასეთი იყო: ადამია, დუდუჩავა, ნ. ხარაბაძე, ნაცვლიშვილი, ლაღაძე(ჯანაძე 70), ბანძელაძე(გაბელაშვილი 60), ვალნერი, დ. ხურციძე(გაგოშიძე 75), გოგუაძე(ბიწაძე 55), ბერეჩიკიძე(ზ. ხურციძე 46), ღვიტიძე.
FCTorpedo.GE