ტოჩინოშინი მოგებებს აგრძელებს, გაგამარუ – წაგებებს
ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე კვლავ აგრძელებს ჩვენ გახარებას ტოჩინოშინი. ლევან გორგაძემ დღეს რიგით მე-5 გამარჯვება იზეიმა და კვლავიდებურად დაუმარცხებელ სუმოისტთა რიგებშია. ასეთი კი მაკუშიტას დივიზიონში, ჩვენებურის ჩათვლით, სულ 4 დარჩა.
ტოჩიმ დღევანდელი გამარჯვებაც ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიპოვა. მან სანდანმეს (რანგით მე-4) დივიზიონის მე-2 ნომერი, იაპონელი შიბაჰარა იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან.
აღსანიშნავია, რომ იმ 3 რიკიშიდან, რომლებიც ტოჩისთან ერთად ლიდერობენ მაკუშიტას, ვერცერთ მათგანს ვერ ჩავთვლით განსაკუთრებით ძლიერ და სერიოზულ მეტოქედ. მათ არასოდეს მიუღწევიათ კარიერაში ჯურიოს დივიზიონამდე და არ ქონიათ პატივი სეკიტორის წოდების ტარებისა.
სწორედ ამ სამეულიდან ორთან მოუწევს დარჩენილი 2 ბრძოლის გამართვა ლევანს. ასე რომ, ძალიან კარგი შანსი მიეცა ჩვენებურს, რომ წაუგებლად ჩაამთავროს ჰარუ ბაშო და მაკუშიტას ჩემპიონობაც იზეიმოს.
სამწუხაროდ, კვლავ წარუმატებელი გამოდგა გაგამარუსთვის ბაშოს მე-9 დღეც. ქართველი გოლიათი ბულგარელ გოლიათ აოიიამასთან ზუსტად 2 წამში დამარცხდა. მე-5 მაეგაშირად განთესილმა დანიელ ივანოვმა გაგა ჯუღელს აზრზე მოსვლაც არ აცალა, ისე გაიყვანა დოჰიოდან იორიკირით. სხვათა შორის, ეს ჩვენსა და ბულგარელ სუმოტორს შორის გამართული მე-4 შეხვედრა გახლდათ და ოთხივეში იორიკირის ილეთი დაფიქსირდა, სადაც 2-2 მოგება-წაგება გაცვალეს ბიჭებმა ერთმანეთთან.
დღევანდელი მარცხი კი გაგასთვის უკვე რიგით მე-6 იყო მიმდინარე ბაშოზე, 3 მოგების საპირისპიროდ, და სამწუხაროდ, ვუახლოვდებით უკვე უარყოფით ბალანსს.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე იაპონელი მე-12 მაეგაშირა, სადანოფუჯი იქნება, რომელმაც მხოლოდ დღეს მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება ოსაკაში. მანამდე კი ზედიზედ 8 მარცხი იგემა და ყველაზე პირველმა გაიფორმა მაკე-კოში ტურნირზე.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ 201 კგ-იანი (ამჟამად მაკუუჩიში ყველაზე მძიმეწონიანი) იაპონელი გოლიათი საგრძნობ უპირატესობას ფლობს – განვლილი 8 შერკინებიდან მან 6 მოუგო ჩვენებურს.
ჰარუ ბაშოს საჩემპიონო რბოლაში თითქმის ყველაფერი უცვლელია: მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი ისევ წაუგებლად აგრძელებენ გამოსვლას. მათ კი კვლავინდებურად 1 მარცხით უდგას კვალში მათი თანამემამულე ოძეკი, ცუნატორი კაკრურიუ.
რაც შეეხება ეგვიპტელ ამომავალ ვარსკვლავ ოსუნაარაშის, მან ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია დღეს და ლიდერთა სამეულს ჩამოშორდა.
მე-8 წაგება მიითვალა ტურნირზე ბულგარელმა სეკივაკე კოტოოშუმ და ძალიან ნაადრევად გაიფრომა მაკე-კოში. შესაბამისად, პირველი ევროპელი ოძეკი სეკივაკეს წოდებასაც ემშვიდობება და დიდი ალბათობით, სანიაკუსთანაც მოუწევს გამოთხოვება.
ამირან ურუშაძე