20 და 18 წლამდე ბორჯღალოსნების მომავალი ტურნირები
ეროვნული ნაკრების საერთაშორისო სეზონის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, ესტაფეტას ასაკობრივი ნაკრებები გადაიბარებენ.
აპრილში საქართველოს U18 და U 20 ნაკრებები ორ უმნიშვნელოვანეს ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
18 წლამდელები
U18 ბორჯღალოსნები FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში იასპარეზებს, რომელშიც მონაწილეობენ 6 ერის ნაკრებები + 2 FIRA AER-ის გუნდი. 2012 და 2013 წლებში საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ სძლია იტალიელ თანატოლებს, რითაც ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილი დაიკავეს. აქედან გამომდინარე, ტურნირის ორგანიზატორებმა შარშან გადაწყვიტეს ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვება.
წლევანდელი ერვოპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთის ქალაქ პოსნანში 11-19 აპრილს გაიმართება. 18 წლამდელები ტურნირისათვის მზადებას ხვალიდან, 21 მარტიდან შეუდგებიან.
ტურნირის განრიგის მიხევით, უმცროსი ბორჯღალოსნები 11, 15 და 19 აპრილს ითამაშებენ. პირველ შეხვედრაში, შარშანდელის მსგავსად 18 წლამდელები ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. დანარჩენ მატჩებში მათი მეტოქეები ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.
მატჩების განრიგი და სატურნირო მდგომარეობა
ქართველი და ‘კლერმონელი’ 18 წლამდელები თბილისში ითამაშებენ
ტურნირისათვის მზადების ფარგლებში U18 საქართველო ორ საშინაო მატჩს გამართავს ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ ‘კლერმონის’ თანატოლთა გუნდთან. კლერმონელი 18 წლამდელები თბილისში 25 მარტს ჩამოვლენ. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 26 მარტს შედგება, რომელიც უფრო სავარჯიშო ხასიათის იქნება. მეორე შეხვედრა კი, 28 მარტს შედეგბა. აღნიშნული თამაშების ჩატარების ადგილისა და დროების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ.
საქართველოს U18 ნაკრების გაფართოებული (საშეკრებო) შემადგენლობა
სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი, მწვრთნელი მამუკა ტყეშელაშვილი, მწვრთნელი ლევან შარაშიძე, ფიზ-მომზადების მწვრთნელი გიორგი ნადარეიშვილი, მენეჯერი პაატა მაისურაძე.
20 წლამდელები
U20 ბორჯღალოსნები IRB 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე მიიღებენ მონწილეობას, რომელიც ჰონგ-კონგში 7-19 აპრილს გაიმართება. 20 წლამდელებმა ამ ტურნირზე მონაწილეობის უფლება შარშან, პორტუგალიაში FIRA AER-ის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვეს, როდესაც ტურნირის ფინალში ბელგიელ თანატოლთა ნაკრები დაამარცხეს.
ალაფისათვის მზადება საქართველოს 20 წლამდელებმა დღეს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს.
2014 წლის ალაფაზე გუნდები A და B ჯგუფებად არიან დაყოფილნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია განთესილი, სადაც მათ აშშ-ს, ტონგას (ტურნირის ფავორიტი) და მასპინძელი ჰონგ-კონგის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.
აღნიშნულ ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში 20 წლამდელები გაისად IRB ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.
სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ვართანიანი, მწვრთნელი ზურა მონაშვილი, მწვრთნელი ლადო კილასონია, ფიზ-მომზადების მწვრთნელი აკაკი ცინცაძე, მენეჯერი ოთარ იაშვილი.
საქართველოს U20 ნაკრების გაფართოებული (საშეკრებო) შემადგენლობა
ალაფის მატჩების განრიგი (მოეცემულია საქართველოს დროით):
7 აპრილი, 13:00 საათი, ტონგა – საქართველო
11 აპრილი, 11:00 საათი, აშშ – საქართველო
15 აპრილი, 09:00 საათი, საქართველო – ჰონგ-კონგი
19 აპრილი, 09:00 საათი, A ჯგუფის IV – B ჯგუფის IV
11:00 საათი, A ჯგუფის III – B ჯგუფის III
13:00 საათი, A ჯგუფის II – B ჯგუფის II
15:00 საათი, ფინალი: A ჯგუფის I – B ჯგუფის I
Rugby.GE