მერანი vs შუქურა – ინციდენტი სამტრედიის სტადიონზე
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ¼ ფინალური, განმეორებითი შეხვედრა მარტვილის „მერანსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის, მსაჯის საფინალო სასტვენამდე შეწყდა. მატჩი სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა.
ანგარიში 2:2 იყო, როცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე „მერანმა“ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, მსაჯებმა ერთხმად დააფიქსირეს თამაშგარე მდგომარეობა. ამის შემდეგ, ტრიბუნებზე მდგომარეობა დაიძაბა. მარტვილელთა გულშემატკივრებმა მოედნის მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. სულ ცოტა ხანში კი, დაახლოებით 200-მდე ადამიანი მოედანზე შეიჭრა და მსაჯებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შესაბამისად, მატჩის დასრულება შეუძლებელი გახდა. მსაჯები კი იყვნენ – თორნიკე გვანცელაძე, ბესო ჭიჭინაძე, გურამ ჩიგოგიძე და ლევან კვარაცხელია.
აღნიშნულ ფაქტზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
სფფ-ის პრესსამსახური