ტოჩი მაკუშიტას ჩემპიონია!
გილოცავთ ყველა გულშემატკივარს, ტოჩინოშინი მაკუშიტა დივიზიონის ჩემპიონია!
დღეს ჩვენმა სუმოისტმა დივიზიონის 24-ე ნომერი, იაპონელი მუსაშიუმი იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან და კონკურენეტებისთვის მიუწვდომელი შეიქნა!
ლევან გორგაძემ შვიდივე ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა ჰარუ ბაშოზე და ზეგ, ტურნირის საფინალო დღეს, ოფიციალურად ჩაიბარებს მაკუშიტას (რანგით მე-3 დივიზიონის) ჩემპიონობის დიპლომს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს უმძიმესი ტრავმის გამო მთელი 8 თვე გაუცდა, რის გამოც უმაღლესი დივიზიონიდან მაკუშიტაში 55-ე ნომრამდე დაქვეითდა. დოჰიოზე დაბრუნება კი პირველივე ტურნირზე გაჩემპიონებით აღნიშნა ლევანმა.
ჯერ-ჯერობით, რთულია იმის თქმა, თუ რამდენი საფეხურით აიწევს ტოჩი რეიტინგში, მომდევნო ბაშოსთვის. ჩვენი პროგნოზით, მან მაკუშიტას მე-5-დან მე-15 პოზიციამდე უნდა დაიკავოს რომელიმე საფეხური. თუმცა ეგებ, ნაჩვენები ბრძოლებისა და ძველი დამსახურებების გამო, პირდაპირ ჯურიოს (რანგით მეორე) დვიზიონშიც გადაიყვანონ ჩვენი რიკიში. იგი ხომ 4-გზის ატარებდა კომუსუბის ტიტულს და ამ ბაშოზეც ნათლად გამოჩნდა, რომ მთელი რამდენიმე თავით აღემატებოდა ყველა მეტოქეს.
სამწუხაროდ, მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა დღეს ჩვენმა მეორე სუმოისტმა, გაგამარუმ. მონღოლმა მე-14 მაეგაშირა აძუმარიუმ ტაჩიაი-ჰენკა (სასტარტო ჯახისთვის თავის არიდება) იხმარა მე-9 მაეგაშირად განთესილ ქართველ გოლიათთან და უვატედაშინაგეს ილეთით დასცა დოჰიოზე.
გაგასთვის ეს უკვე მე-8 მარცხი იყო ბაშოზე და შესაბამისად, რეიტინგში დაქვეითებასაც ვეღარ აცდება. თუმცა, თუკი დარჩენილ ორივე შეხვედრას მოიგებს, ეს ვარდნა შედარებით ნაკლებ-საფეხურიანი იქნება.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტი, 23 წლის იაპონელი, მე-12 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება, რომელსაც 8 მოგება აქვს ჰარუ ბაშოზე და კაჩი-კოშიც გაფორმებული აქვს. გაგამარუ და ჩიომარუ პირველად ხვდებიან ერთმანეთს დოჰიოზე.
ძალზე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ტურნირის მე-13 დღეს ლიდერთა პაექრობებში. მთავარი მოვლენა იყო ის, რომ ორივე მონღოლმა იოკოძუნამ მარცხი იწვნია დღეს. მათ შორის, პირველი წაგება იყო იოკოძუნა ჰაკუჰოსთვის, ხოლო მეორე (თანაც ზედიზედ) – ჰარუმაფუჯისთვის.
ჰაკუჰოს იაპონელმა ოძეკი კოტოშოგიკუმ აგემა მარცხი. “ღიპუცა” ოძეკიმ თავიდანვე ძალიან აგრესიულად შეუტია “თეთრ ფენიქსს”, დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია და იორიტაოშით გადაუშვა დარბაზში. აღნიშნული გამარჯვება კოტოშოგიკუსთვისაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მას უკვე 6 მარცხი აქვს განცდილი და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად გააფთრებული იბრძვის. “ღიპმაისტერს” დარჩენილი ორი შერკინება ჯერ ჰარუმაფუჯისთან და შემდეგ კაკურიუსთან უწევს. ამიტომ თუკი კაჩი-კოშის გაფორმება სურს, ამ მონღოლებთანაც ისეთივე შემართებითა და აგრესიით უნდა იბრძოლოს, როგორც ჰაკუჰოსთან იბრძოლა.
რაც შეეხება ჰარუმაფუჯის, იგი დღეს იაპონელმა სეკივაკე გოეიდომ დაამარცხა (ასევე იორიტაოშის ილეთით). ეს უკანასკნელი უკვე ზედიზედ მე-12 ბაშოა, რაც სეკივაკეს ტიტულს ატარებს და არადა არ ეღირსა ოძეკად დაწინაურება. მიმდინარე ბაშოზე გოეიდო საკმაოდ კარგად გამოიყურება – 10 გამარჯვება აქვს აქტივში, 3 მარცხის წილ და ვინძლო, ტურნირის დასრულების შემდეგ, კიდეც განიხილონ მისთვის ოძეკის წოდების მინიჭების საკითხი.
აი რაც შეეხება ოძეკი კაკურიუს, რომელიც ცუნატორის (იოკოძუნობის კანდიდატი) სტატსუით ირჯება მიმდინარე ბაშოზე, მან დღეს მე-12 გამარჯვება მიითვალა და ბალანსით თანამემამულე ჰაკუჰოს გაუთანაბრდა. “ყანჩა-დრაკონმა” იაპონელ ოძეკი კისენოსატოს სძლია ცუკიდაშით და ძალიან კარგი შანსი მიიღო სანუკვარი წოდების მოსაპოვებლად. ამისათვის კაკურიუ ჰარუ ბაშოს ჩემპიონი უნდა გახდეს, მინიმუმ 13 მოგებით.
ხვალ ერთმანეთის პირისპირ სწორედ ტურნირის ლიდერები, ჰაკუჰო და კაკურიუ დადგებიან და მათი შერკინება ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. ჰარუმაფუჯი კი, რომელიც ერთი ქულით ჩამორჩება აღნიშნულ დუეტს, ზემოთ ნახსენებ კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება.
ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას: ერთ-ერთი საუკეთესო, სანახაობრივი და დაძაბული ბაშოს მომსწრენი ვხდებით, რაც კი ბოლო წლებში ჩატარებულა.
ამირან ურუშაძე