იოკოძუნათა მიჯრითი მარცხი და ახალი იოკოძუნა ჰორიზონტზე!
ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს კვლავ მარცხი იწვნია ორივე მოქმედმა იოკოძუნამ. ზედიზედ 2 დღის მანძილზე ორივე იოკოძუნას ერთდროული დამარცხება ძალზე იშვიათი მოვლენაა სუმოში და პირადად ვერც ვიხსენებ, როდის დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი ბოლოს.
არადა, ბაშოს სტარტზე ორივე მონღოლი, ჰაკუჰოც და ჰარუმაფუჯიც ბრწყინვალედ ირჯებოდა და ისეთ ორთაბრძოლებს ატარებდნენ, მართლაც რომ უძლეველების შტაბეჭდილებას ტოვებდნენ.
თუმცა, მე-12 ტურიდან მოყოლებული უკვე აირია მათი საქმეები. ამაში კი მთავარი “დამნაშავე” მათივე თანამემამულე, ოძეკი კაკურიუ აღმოჩნდა, რომელიც საოცარ ორთაბძოლებს ატარებს და რომ არა მე-3 ტურში განცდილი მარცხი, დღეს უკვე ალბათ ნაადრევად გაიფორმებდა ტურნირის ჩემპიონობას.
მოგეხსენებათ, ბაშოს დაწყებამდე სუმოს მამებმა კაკურიუს ცუნატორის (იოკოძუნობის კანდიდატი) სტატუსი მიანიჭეს და შემდეგი მიზანი დაუსახეს: თუკი იგი ჰარუ ბაშოზე მოიგებდა მინიმუმ 13 ორთაბრძოლას და გახდებოდა ტურნირის ჩემპიონი, მაშინ მას სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება, იოკოძუნა მიეცემოდა. “ყანჩა დრაკონმა” კი უკვე მე-13 გამარჯვება იზეიმა დღეს და შესასრულებელი დარჩა მხოლოდ მეორე ამოცანა: უნდა გახდეს ბაშოს ჩემპიონი.
კაკურიუმ დღეს თავის თანამემამულე იოკოძუნა ჰაკუჰოს ფიცხელი ბრძოლა გაუმართა და საოცრად დიდი მონდომების ხარჯზე, იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან. შედეგად, იგი 13 მოგებითა და 1 მარცხით, ბოლო ტურის წინ ერთპიროვნულად გალიდერდა ბაშოზე და თუკი ხვალ იაპონელ ოძეკი კოტოშოგიკუს დაამარცხებს, ავტომატურად ხდება ჩემპიონი. თუმცა, შესაძლოა კაკურიუ დამარცხების შემთხვევაშიც გაჩემპიონდეს, თუკი მისი დღევანდელი მეტოქე და უახლოესი მდევარი, იოკოძუნა ჰაკუჰო (12-2) მეორე იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან (11-3) წაიფორხილებს ხვალ. ხოლო, თუ მოიგებს “თეთრი ფენიქსი” და კაკურიუ დამარცხდება, მაშინ ორივე მათგანს 13-2 გაუხდება ბალანსი და ტურნირის ჩემპიონის ბედს მათ შორის დანიშნული დამატებითი ორთაბრძოლა, კეტტეი-სენი გადაწყვეტს (ისევე, როგორც წინა ბაშოზე მოხდა ეს).
რაც შეეხება კაკურიუს ხვალიდნელ მეტოქე, ოძეკი კოტოშოგიკუს, მან დღეს ზედიზედ მეორე იოკოძუნა დაამარცხა, ჰარუმაფუჯის სახით, მე-8 გამარჯვება ჩაიწერა აქტივში და კაჩი-კოშიც გაიფორმა. შესაბამისად, შესაძლოა კაკურიუსთან ხვალიდნელ ჯახში “ღიპუცა” ოძეკის მოტივაცია ცოტათი ნაკლები ქონდეს. თუმცა, წესით, კოტოშოგიკუს (ისევე როგორც მთელ იაპონიას) არანაირად არ უნდა აწყობდეს კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნას დაბადება სუმოში და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უნდა შეუშალოს ხელი კაკურიუს გაჩემპიონებას.
ტურნირის ლიდერებიდან გადავინაცვლოთ ჩვენი გაგამარუსკენ, რომელმაც დღეს ძალიან მძიმე, შეუპოვარ ორთაბრძოლაში მოახერხა იაპონელი მე-12 მაეგაშირა, ჩიომარუს დამარცხება. ეს უკანასკნელი მაკუუჩის დებიუტანტობის კვალობაზე საკმაოდ კარგად ირჯება და კაჩი-კოშიც უკვე ჯიბეში აქვს. იაპონელმა გოლიათმა ჩვენ გოლიათს თავიდანვე მძლავრად შეუტია, დოჰიოს კიდემდეც მიიყვანა და გამარჯვებასაც არაფერი უკლდა. თუმცა, ჩვენებურმა სასწაულებრივი გამძლეობა გამოიჩინა და თავის დაძვრენაც მოახერხა ურთულესი მდგომარეობიდან. ამის მერე იყო კიდევ ერთი კრიტიკული მომენტი გაგასთვის, სადაც ასევე კარგად იყოჩაღა ჩვენმა ჯილამ და აღნიშნულით ფრთაშესხმულმა, იორიკირით მიაბრძანა დოჰიოდან იაპონელი.
ბოლო ტურის წინ მე-9 მაეგაშირად განთესილი გაგა ჯუღელის ბალანსში 6 მოგება და 8 მარცხი მოგროვდა და თუკი ხვალ ბოლო შერკინებასაც მოიგებს ბაშოზე, რეიტინგში მხოლოდ მცირედით დააქვეითებენ.
ტურნირზე უარყოფითი ბალანსი გაიფორმა პირველ მაეგაშირად განთესილმა იაპონელთა ამომავალმა ვარსკვლავმა, ენდო შოთამ, რომელსაც (მიუხედავად ორჯერ სასიკეთოდ შემოტრიალებული მდგომარეობისა) ბოლო ორი ორთაბრძოლა ჩაუვარდა და წაგებები იწვნია.
თანაბარ ბალანსზეა გაჩერებული კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი, ეგვიპტელი ოსუნაარაში, რომელმაც ჰარუ ბაშოს სტარტზე მიჯრით 7 ორთაბრძოლა მოიგო და იმის მერე ცუდად წაუვიდა საქმეები. მე-8 ტურში, სწორედ ზემოხსენებულ ენდოსთან განცდილი მარცხის დროს, აბდელრაჰმან შარანმა ტრავმა მიიღო და მას მერე აირია მისი საქმეები. ტრავმის გამო ეგვიპტელს ორი ბრძოლის გამოტოვებაც მოუხდა, სადაც ბუნებრივია მარცხი ჩაეთვალა და შედეგად მისი კაჩი-კოშის საკითხი ახლა უკვე სასწორზე დგას.
ამრიგად, თითქმის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წლის ჰარუ ბაშო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა ბოლო დროის ტურნირებს შორის. ვნახოთ, რას მოგვტანს ფინალური დღის ფინალური ორთაბრძოლები…
ამირან ურუშაძე