მეორე ეტაპის სასტარტო მატჩის წინ
სამშაბათს, 25 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო, რიგით კი ოცდამესამე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლებს.
რაც შეეხება რუსთაველებთან (“ოლიმპი” და “მეტალურგი”) საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაპირისპირებათა ისტორიას – სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ამ გუნდებს ერთმანეთში 23 მატჩი აქვთ გამართული. აქვე უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ აქედან ერთ შეხვედრაში შედეგი არ დაფიქსირებულა – ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა. დანარჩენ მატჩებში 9-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირატესობა იმერელ ფეხბურთელებს გააჩნიათ – 23:16.
ორივე გუნდის ქომაგებს კარგად ახსოვს რუსთავურ-ზესტაფონური დაპირისპირებები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ აშკარა უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში 4-ში იმერლებმა იმარჯვეს, ხოლო 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.
საინტერესოა ისიც, რომ გატანილი გოლებით ზესტაფონელთაგან ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია – დღესდღეობით აზერბაიჯანული “ყარაბახის” ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით – 8). ჯაბა დვალს “ოლიმპისა” და “მეტალურგის” კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით – 4), 2-2-ჯერ კი რუსთაველთა კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ჟილვან გომეს ვიეირა, გოგი ფიფია, ბექა გოცირიძე, თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილი) შეურხევია…
რუსთავის “მეტალურგთან” 25 მარტს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია კი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური