კაკურიუ ჩემპიონია და იოკოძუნას ტიტულს ელოდება!
სუმოს სამყაროს ახალი ჩემპიონი ყავს – მონღოლი ოძეკი კაკურიუ ჰარუ ბაშოს ტრიუმფატორი პირველად გახდა კარიერაში და ამით სამუდამოდ დაიდო ადგილი იაპონური სუმოს ისტორიაში.
ჰარუ ბაშოს ბოლო დღეს (სენშურაკუ) “ყანჩა დრაკონმა” იაპონელი ოძეკი კოტოშოგიკუ იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან და 14-1 ბალანსით დაასრულა ტურნირი, რის შედეგადაც მთავარ კონკურენტ, იოკოძუნა ჰაკუჰოსათვის მიუწვდომელი შეიქნა.
ვერ გეტყვით, იქონია თუ არა ამ ფაქტმა ზეგავლენა ჰაკუჰოს მოტივაციაზე, ჰარუმფუჯისთან ბრძოლისას, თუმცა ფაქტი იყო, რომ “თეთრმა ფენიქსმა” თანამემამულე იოკოძუნასთან ჯეროვნად ვერ იბრძოლა და მე-3 მარცხი იწვნია ბაშოზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იოკოძუნათა ჯახში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ორთაბრძოლის ჩატარება გახდა საჭირო – პირველი ჯახის დროს, მაშინ როცა “მზიური ცხენი” იორიტაოშის ილეთს ასრულებდა, ჰაკუჰომ ვარდნისას იმდენი მოახერხა, რომ ჰარუმაფუჯიც თან გაიყოლა და ორივე ერთდროულად დავარდა ძირს. თუმცა, გამეორებისას კარგად გამოჩნდა, რომ ჰარუმაფუჯის ხელი წამის მეათედით უფრო ადრე შეეხო დოჰიოს, ვიდრე ჰაკუჰოს ტანი. მსაჯთა ბრიგადამ ეს ფაქტი ვერ შეამჩნია და კონსილიუმის შემდეგ განმეორებითი შერკინება დანიშნა.
მეორე ჯახში “მზიურმა ცხენმა” ძალიან აგრესიულად შეუტია “თეთრ ფენიქსს” და იორიკირით დაატოვებინა დოჰიო. ამრიგად, ორივე იოკოძუნამ 12-3 ბალანსით დაასრულა მარტის ბაშო და 2-2 გამარჯვებით ჩამორჩნენ თანამემამულე ოძეკი კაკურიუს. ამ უკანასკნელმა კი იაპონური სუმოს ასოციაციის მიერ მის მიმართ დასმული ამოცანა წარმატებით შეასრულა – გახდა ტურნირის ჩემპიონი და ახლა უკვე ოფიციალურად ელოდება უმაღლესი იერარქიული ტიტულის, იოკოძუნას სტატუსს.
მონღოლმა ოძეკიმ წინა ბაშოზე ანალოგიური შედეგი დააფიქსირა და მაშინ მხოლოდ გადამწყვეტ, საპლეიოფო შერკინებაში (კეტტეი-სენ) დათმო ჩემპიონობა, ჰაკუჰოსთან. სწორედ მაშინ შეაფასეს იაპონური სუმოს მამებმა კაკურიუს გარჯა უმაღლეს დონეზე და მას ცუნატორის (იოკოძუნობის კანდიდატი) სტატუსი მიანიჭეს. წოდებაში დასაწინაურებლად კი ამოცანად ბაშოს მოგება დაუსახეს (აქტივში მინიმუმ 13 გამარჯვებით), რასაც “ყანჩა-დრაკონმა”, იაპონელი ოძეკი კისენოსატოსგან განსხვავებით, წარმატებით გაართვა თავი.
ასე რომ, სავარაუდოდ რამოდენიმე დღეში კაკურიუ ოფიციალურად მიიღებს იოკოძუნას ზე-პრესტიჟულ ტიტულს და რიგით 71-ე იოკოძუნად ჩაეწერება ისტორიაში.
ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯის დუეტთან ერთად, 12-3 ბალანსით ჰარუ ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა იაპონელი სეკივაკე გოეიდო, რომელსაც გარჯა ბრწყინვალე სანახაობის ჩვენებისათვის დაწესებული სპეციალური პრიზით, შუკუნ-შოთი დაუფასეს.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ მებრძოლი სულის გამოვლენისათვის დაწესებული პრიზი, კანტო-შო იაპონელ მე-4 მაეგაშირა იოშიკაძეს გადასცეს, რომელმაც 10 ორთაბრძოლა მოიგო ტურნირზე და მომდევნო ბაშოსთვის კომუსუბის წოდებით მოგვევლინება.
რაც შეეხება ტექნიკური ბრძოლებისათვის დაწესებულ სპეც. პრიზს, გინო-შოს, იგი ამჯერად გაუცემელი დარჩა.
მარცხით დაასრულა მარტის ბაშოზე გამოსვლა ჩვენმა გაგამარუმ. ქართველი გოლიათი იაპონელ მე-4 მაეგაშირა იკიოისთან ოშიდაშით დამარცხდა და საბოლოოდ არცთუ კარგი ბალანსი – 6 მოგება, 9 წაგების პირისპირ დააფიქსირა. მე-9 მაეგაშირას დონის სეკიტორისთვის ამგვარი შედეგი ნამდვილად უარყოფითად უნდა შეფასდეს.
მომდევნო ბაშოსთვის გაგა ჯუღელს ალბათ 3-4 პოზიციით დაქვეითებულს ვიხილავთ რეიტინგში.
დაჯილდოვების ცერემონიალზე ოფიციალურად ჩაიბარა ჩემპიონის დიპლომი მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში გაჩემპიონებულმა ჩვენმა ტოჩინოშინმა. როგორც მოგეხსენებათ, ლევან გორგაძე 8-თვიანი პაუზის შემდეგ (რომელიც მძიმე ტრავმით იყო გამოწვეული) სწორედ მაკუშიტას 55-ე რიკიშის სტატუსით დაუბრუნდა დოჰიოს. თუმცა, ბაშოზე 7-ივე ორთაბრძოლა უპრობლემოდ, თითქმის ცალი ხელით მოიგო და დივიზიონის გამარჯვებულიც გახდა.
მომდევნო ბაშოსთვის, ჩვენი პროგნოზით, ლევანს ალბათ მაკუშიტა დივიზიონის პირველ ათეულში გაამწესებენ.
შემდეგი ტურნირი ტრადიციულად მაისში ჩატარდება და მას ტრადიციულად იაპონიის დედაქალაქი უმასპინძლებს.
ამირან ურუშაძე