“დინამოს” ლოგიკური გამარჯვება
“დინამო არენაზე” გამართულ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩში თბილისის “დინამომ” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
მატჩის დებიუტში მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისალ. კარის აღების პირველი შესაძლებლობა “დინამოს” ფეხბურთელებს 24-ე წუთზე მიეცათ, თუმცა ჩისკა-მერებაშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. რამდენმე წუთში უკვე ესპანელ ლეგიონერს შეეძლო თბილისური გუნდი დაწინაურება, მაგრამ ჩისკოს ბობღიაშვილმა აჯობა.
“დინამოელთა” უპირატესობა ტაიმის ბოლოს ანგარიშზე მაინც აისახა. ჩისკომ ლანჩხუთელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და უმაღლეს ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა.
გურულებმა 43-ე წუთზე უპასუხეს დინამოელებს. კვირტიას ფლანგურ გარღვევას საჯარიმო მოედანზე მოჰყვა გადაცემა, სადაც დასწრებაზე მასპინძელთა მცველებმა ყურადღებით ითამაშეს.
მეორე ნახეარში “დინამოს” უპირატესობა თვალსაჩინო იყო. ტაიმის დაწყებიდან სულ რაღაც 4 წუთში ანგარიში 2:0 გახდა. “დინამოს” შემადგენლობაში პირველად გაიტანა ოთარ მარცვალაძემ. გორგიაშვილის და ჩისკოს დარტყმებს ბობღიაშვილი გადაეღობა, თუმცა მარცვალაძემ დამატებაზე ითამაშა კარგად და თავისი გუნდი უპირატესობა გაზარდა.
დარჩენილ დროში მოედანზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. 82-ე წუთზე კი, შეცვლაზე შესულმა დარკო გლიშიჩმა ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
დავით მახარაძე (გურია): ვულოცავ დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას. თავიდანვე მეორე ნომრად ავირჩიეთ თამაში. ჩვენს შეცდომას სამწუხაროდ გოლი მოყვა და მერე ყოველი ჩვენი შეტევა სახიფათო კონტრშეტევით დასრულდა. მეორე ტაიმში დინამომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
მალხაზ ჟვანია (დინამო): ჩვენის მხრიდან ვუსამძიმრებთ გურიას დირექტორს. თამაშს რაც შეეხება ბურთის კონტროლი უკეთესი იყო, თუმცა მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და საბოლოოდ ვიმარჯვეთ.
დინამო 3:0 გურია
გოლები: 1:0 ჩისკო 37’ 2:0 მარცვალაძე 49’ 3:0 გლიშიჩი 82’
დინამო: ლორია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 60), მერებაშვილი (გოგა 76), ხურცილავა, პაპავა, კვირკველია, მარცვალაძე (გლიშიჩი 81), რეხვიაშვილი, ჩისკო, გველესიანი, ძარია
გურია: ბობღიაშვილი, ქურდაძე, ნ. კილაძე, მეგრელიშვილი, ძამსაშვილი (ტეიდი 64), გაჩეჩილაძე, ე. კილაძე (ჩუენსუ 46), შენგელია (ნიქაბაძე 64), კვირტია, კვერენჩხილაძე, ისიანი
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები