ელიტრაუნდის სტარტი – გერმანიასთან მარცხი
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდი გერმანიასთან მარცხით დაიწყო. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, ნამდვილად არ ასახავს იმ სურათს, რაც რეალურად იყო.
გერმანელებმა გოშაძის კარში გოლის გატანა უკვე მე-4 წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ქართველმა მცველებმა მოიგერიეს, რის შემდეგაც მეტოქემ კვლავ ჩვენს საჯარიმოში ჩააბრუნა და ოშმა ანგარიში გახსნა. სიტუაცია ძალიან ჰგავდა თამაშგარეს, თუმცა მსაჯმა სხვაგვარად გადაწყვიტა.
გაშვებული გოლის შემდეგ, მალევე, აკობიას გუნდმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და შეტევებშიც თამამად წავედით. მეტოქე ორჯერ ძალიან ანერვიულა გიორგი არაბიძემ. პირველი დარტყმული კარს ზემოდან გადასცდა; მეორედ კი, ახალგაზრდა შემტევმა ძელს გაარტყა. დამატებაზე ირაკლი კომახიძე ურტყამდა, თუმცა ააცილა. ამის შემდეგ მიქელთაძის დარტყმა იყო, რომელსაც გერმანელთა მეკარე დაეუფლა. პირველ ტაიმში ჩვენს მეტოქეს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.
მეორე ტაიმში კი, გოლის გატანის ნაცვლად, ჩვენს კარში სამი ბურთი მივიღეთ. სამივე გოლი ჩვენი ელემენტარული შეცდომების შედეგად გავიდა. გოლის გატანის შანსი გიორგი ბერიძესაც ჰქონდა, თუმცა თითქმის ერთი-ერთზე გასულმა ააცილა.
ჯგუფის მეორე მატჩი კი, რომელიც ნამდვილი ტრილერი გამოდგა, სერბეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. სწორედ, სერბებს დავუპირისპირდებით 28 მარტს, მეორე მატჩში.
17-წლამდელთა ელიტრაუნდი. მე-5 ჯგუფი. სერბეთი, სტარა პაზოვა
გერმანია – საქართველო 4:0 (1:0)
გერმანია: კიონიგსმანი, ბეკერი, კლასენი, პიუტზი, გიმბერი, ბეკტიჩი, ფერატი, ჰენრიში, ოში (ფიორე-ტაპია 74), ბესუშოუ (ბოდერი 50), პორატი (ბანი 56)
მთ.მწვრთნელი – კრისტიან ვიუკი
საქართველო: გოშაძე, ქობულაძე, კაკიაშვილი, ნადარაია, კომახიძე, კამლაძე, მამუჩაშვილი, ბერიძე, ჯობავა (გოშთელიანი 41), არაბიძე (კიკნაძე 60), მიქელთაძე
მთ.მწვრთნელი – ნოდარ აკობია
გოლები: ოში (4, 58), ფიორე-ტაპია (78), ჰენრიში (80)
გაფრთხილება: ქობულაძე, ნადარაია
სფფ-ის პრესსამსახური
სერბეთი, სტარა პაზოვა