უეფამ ერთა ლიგა შექმნა
უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ახალი ტურნირი, ერთა ლიგა შექმნა, რომელიც 2018 წლიდან აიღებს სტარტს.
აღნიშნული ტურნირის ჩატარებას უეფას ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. ახალი გათამაშების ფორმატი ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის შემუშავებული. თუმცა, ვარაუდის დონეზე ცნობილია, რომ ტურნირი 2 წელიწადში ერთხელ გაიმართება და მასში მონაწილე ნაკრებები 3 ან 4 დივიზიონზე იქნებიან გადანაწილებულნი. უმაღლეს დივიზონში 16 გუნდი შევა და 4 ჯგუფად იქნება დაყოფილი. ჯგუფების გამარჯვებულები ურთიერთობას ოთხტა ფინალში გაარკვევენ, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.
არსებობს მოსაზრება, რომ ერთა ლიგა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც იქნება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპირველობა კონტინენტის 13 ქალაქში გაიმართება.
უეფას საშეჯიბრო კომიტეტის თავკაცმა ვოლფგანგ ნირსბახმა აღნიშნულ ნოვაციასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.
“ეს ძალიან დიდი ნაბიჯია ევროპაში სანაკრებო ფეხბურთის პოპულარიზაციისათვის. იმედი გვაქვს, გულშემატკივრები ახალ ფორმატს მხარს დაუჭერენ”
თუმცა, თუ ინგლისური Sky Sport-ის გამოკითხვის შედეგებს დავეყრდნობით დავინახავთ, რომ რესპოდენტთა 67 პროცენტს, ერთა ლიგის იდეა არ მოსწონს.