მანჩინი: „არსენალს“ 9 წელია, ტიტული არ მოუგია, თუმცა ქომაგები მწვრთნელს არ შეურაცხყოფენ“
თურქული „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აგრესიულად გამოეხმაურა კლუბის გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკას. თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში „გალათასარაი“ შინ „კაისერისპორთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რამაც „ლომების“ გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ქომაგებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინის გათავისუფლებაც კი მოითხოვეს.
„თუ გულშემატკივრებს ჩემი გათავისუფლება სურთ, აქედან წასვლა დღესვე შემიძლია და ხვალაც შემეძლება, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მე მათ პოზიციას პატივს ვცემ და იმედი მაქვს, რომ ისინიც აფასებენ ჩემს აზრს. ამის მიუხედავად, შეურაცხყოფას ვერ ავიტან. „გალათასარაი“ იმიტომ ჩავიბარე, რომ გრძელვადიანი პროექტი განვახორციელო. გუნდს ოთხ თვეში ვერ ააყვავებ. ვიცი, რომ ეს რთული საქმეა, თუმცა როგორც ჩანს, აქ მუშაობის საშუალებას არ მომცემენ. აქ იმისთვის არ ვარ, რომ ჩემი ლანძღვა-გინება ვისმინო. „არსენალს“ ცხრა წელია, ტიტული არ მოუგია. „მეთოფეთა“ გულშემატკივრები ასე რეაგირებენ წარუმატებლობაზე?“ – მანჩინის სიტყვებს Turkish football-ი აქვეყნებს.
ცნობისთვის, „გალათასარაის“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით ჩამორჩება. სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი.
ბექა დოგრაშვილი