ჯემალ ტაბიძე: “ლივერპულში ბევრი რამ ვისწავლე”
“საბურთალოს” მცველი ჯემალ ტაბიძე “ლივერპულში” სტაჟირების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ახალგაზრდა მცველს სწორედ ინგლისურ შთაბეჭდილებებით დავიწყეთ.
– ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი დონის კლუბში მომეცა სტაჟირების გავლის საშუალება. “ლივერპულში” ბევრი რამ ვისწავლე და მივხვდი რომ, კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და დასახევეწი.
– “ლივერპულის” ასაკობრივი გუნდების დონეს როგორ შეაფასებდი?
– “ლივერპულს” ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავს. 21-წლამდელთა გუნდში ვვარჯიშობდი. დარწმუნებული ვარ, იქიდან რამდენიმე ფეხბურთელი მალე “ლივერპულის” ძირითადშიც მოხვდება.
– “ლივერპულის” რომელიმე ცნობილ ფეხბურთელს თუ შეხვდი?
– დიახ, ბაზაზე ყოფნის დროს მერსისაიდელების ლეგენდარული მცველთან, ჯიმი კარაგერთან მქონდა შეხვედრა.
– მოდი ქართულ ამბებზე გადავერთოთ. ასაკობრივი ნაკრებებში თამაშის გამოცდილება უკვე გაქვს…
– პირველ რიგში U-17-ს გავიხსენებ. საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ უიღბლობის გამო ელიტ-რაუნდიდან ვეღარ გავედით. ცოტა გამართლება და ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებოდით. ახლა კი, მთლიანად 19-წლამდელთა მატჩებზე ვარ კონცენტრირებული – ორ თვეში ელიტ-რაუნდი გვაქვს სათამაშო.
– ჯგუფში კვიპროსი, ისრაელი და შვეიცარია გვყავს. შანსებს როგორ შეაფასებდი?
– ჩემი აზრით, ფავორიტები სწორედ ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო და ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ.
– საკლუბო თემასაც შევეხოთ. “საბურთალოს” წელს პირველ ლიგაში დებიუტი აქვს. როგორ შეაფასებდი მიმდინარე სეზონს?
– სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, თავიდან ასპროცენტიანი შედეგი გვქონდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია აირია და ამას ჩვენს გამოუცდელობას დავაბრალებდი.
პირველი წრეს შედეგით კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ. იმედია, მეორე ეტაპზე ჩვენს ბავშვურ შეცდომებს გამოვასწორებთ და საკადრის შედეგს მივიღებთ.
– სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
– ჯერ-ჯერობით ჩემს მომავალს “საბურთალოს” ვუკავშირებ. აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ამ კლუბმა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.