16 ან 18 გუნდიანი ჩემპიონატი – მოდელი განსჯისათვის
ქართულ საფეხბურთო სამყაროში უკანასკნელი დღეებია აქტიურად განიხილება უმაღლესი ლიგის კლუბების მიერ ინიცირებული იდეა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით.
16 გუნდიანი ჩემპიონატის შექმნის შესახებ წინადადებით მარტვილის „მერანის“ პრეზიდენტი, ფრიდონ ინჯია გამოვიდა, რამაც კლუბების უმრავლესობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ საკითხის განხილვის შესახებ კლუბებმა თხოვნით სფფ-ის მიმართეს.
სწორედ ამიტომ ჩვენთვის, როგორც საქართველოში ფეხურთის მმართველი ორგანოსათვის დღის წესრიგში დადგა ამ იდეის შესწავლა და მისი შესაძლო განხორციელების გეგმების დასახვა.
სფფ-ის სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც საშეჯიბრო, საკლუბო ლიცენზირების, იურიდიული და ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელები, ასევე გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი შევიდა – იმსჯელა აღნიშნულ იდეასთან დაკავშირებით.
კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის განსასჯელად შეეთავაზებინა ეროვნული ჩემპიონატის 16 და 18 გუნდიან სისტემაზე გადასვლის ორი მოდელი, რომელთა უარყოფით და დადებითი მხარეებზე მსჯელობაში კლუბებიც უნდა ჩაერთონ.
ჩვენს მიერ შეიქმნა ორი მოდელი ეროვნული ჩემპიონატისა უმაღლესი ლიგის 18 და 16 გუნდამდე გასაზრდელად, რომელიც მიბმული ფაილების სახით არის წარმოდგენილი და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს მოდელები წარმოადგენენ უმაღლესი ლიგის კლუბების მიერ ინიცირებული იდეის სრულყოფილ, პროფესიულ დონეზე გაანგარიშებულ დოკუმენტებს, რომელთა შემდგომი ანალიზი და მსჯელობა მთლიანად ქართული საფეხბურთო სამყაროს საქმეა.
ამასთანავე დავსძენთ, რომ ამ ეტაპისათვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არ იგეგმება ეროვნული ჩემპიონატის დებულებისა და რეგლამენტის ცვლილება, რამაც შესაძლოა მიმდინარე სეზონზე მოასპარეზე კლუბებს გარკვეული კითხვები გაუჩინოს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ამ პროექტზე უპირველეს ყოვლისა უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებთან ერთად იმსჯელოს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შემდგომი მოქმედების გეგმის დასახვა.
16-გუნდიანი ჩემპიონატის მოდელი
18-გუნდიანი ჩემპიონატის მოდელი
სფფ-ის პრესსამსახური