“ზესტაფონი” ბაზას თბილისის ზღვაზე აშენებს
პოზიტიური ამბები ზესტაფონიდან. იმერული კლუბი თბილისში საკუთარ ბაზას აშენებს, სადაც აღმოსავლეთ საქართველოში გასამართი მატჩებისთვის მოემზადება. თბილისურ ბაზაზე “ზესტაფონის” საფეხბურთო სკოლაც იფუნქციონირებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ზესტაფონის” პრესატაშე, სერგო ფუტკარაძეს გავესაუბრეთ.
– მშენებლობლობის დასრულება როდის იგეგმება?
– ამ ეტაპზე შუალედურ გეგმაზე ვართ ორიენტირებულები. ზაფხულში, გეგმის მიხედვით ორი მინდორი შევა ექსპლუატაციაში. ახლა ნიადაგის გასწორებასთან დაკავშირებული საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
– რა დატვირთვა ექნება თბილისურ ბაზას?
– მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ საქართველოში ჩასატარებელი თამაშების წინ გუნდს ნორმალურად მომზადების საშუალება არ აქვს. ინფრასტრუქტურული პრობლემები ჩვენს ქვეყანაში ძალიან მტკივნეული თემაა. ხშირ შემთხვეაში უხარისხო მინდვრებზე გვიწევდა მომზადება, რაც თამაშზეც აისახებოდა.
ახალი ბაზის მშენებლობით, აღნიშნული პრობლემა მოიხსნება. ვთანამშრომლობთ საკმაოდ კომპეტენტურ უკრაინელ სპეციალისტებთან, რომლებიც ზესტაფონის ბაზის მშენებლობაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
– ზესტაფონში მდებარე ბაზის დასრულება როდის იგეგმება?
– ზესტაფონურ ბაზაზე სამივე მინდორი მოქმედია. ძალიან კმაყოფილები ვართ მათი ხარისხით. საცხოვრებელი კორპუსიც მალე იქნება მზად.
მსგავსი ტიპის საცხოვრებელი თბილისურ ბაზას არ ექნება. თუმცა, სავარაუდოდ მცირე ტრიბუნებს დავამონტაჟებთ. ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.
– თბილისურ ბაზაზე ბავშვთა სკოლაც იფუნქციონერებს?
– დიახ. სამწუხაროდ, მოსახლეობის მიგრაცია საკმაოდ დიდია და თბილისში ბევრი ზესტაფონელი ცხოვრობს. ჩვენ პირველ რიგში ამ რესურსიც გამოყენება გვინდა. მოგეხსენებათ, ზეტაფონში ბავშვთა ფეხბურთი უფასოა და იმედია ამის განხორციელებას თბილისშიც მოვახერხებთ.
ფოტო: fczestafoni.ge