ზლატანი: „პრემიერლიგაში ჩემი გადასვლა გამორიცხულია“
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგება გამორიცხულია.
მრავლისმნახველი შვედი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მის კარიერაში „პსჟ“ ბოლო ევროპული კლუბი იქნება. ზლატანს პარიზულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. 32 წლის თავდამსხმელმა უკვე რამდენჯერმე გამოთქვა ამერიკულ ლიგაში თამაშის სურვილი.
„დღის წესრიგში არ დგას ჩემი ინგლისში გადაბარგების საკითხი. ეს გამორიცხულია. არა მგონია, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ გამიშვას.
როდესაც „მილანში“ გადავედი, რამდენიმე ინგლისური კლუბი იყო ჩემით დაინტერესებული, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ინგლისში უნდა გადავსულიყავი. პრემიერლიგას ვაფასებ, მშვენიერი ჩემპიონატია, ბევრი დიდებული გუნდი ასპარეზობს, ინდივიდუალური ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ მე არ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი. ჩემი ისტორია სხვაგან ვითარდება და ამას სულაც არ ვნანობ“, – ზლატანის სიტყვებს ბრიტანული „დეილი მეილი“ აქვეყნებს.
იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ დღეს მის მთავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოადგენს.
„მთავარი მიზანი „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ეს ევროპულ კლუბთან ჩემი ბოლო კონტრაქტია და თუ ამ ტიტულის მოგება მიწერია, პარიზში უნდა მოვიგო. „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების შემდეგ უფრო დაბალი დონის ჩემპიონატში გადავალ, ან კარიერას დავასრულებ. მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წელს გასდის“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
გარდა ამისა, ზლატანმა ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებლის, ჟოზე მოურინიოს შესახებაც ისაუბრა, რომლის თავკაცობითაც შვედი თავდამსხმელი მილანის „ინტერში“ თამაშობდა.
„მწვრთნელის რანგში მან ყველაფერი მოიგო, ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა. ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ, ის დიდებული პიროვნებაა. „ინტერში“ მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ის დიდი მწვრთნელია, აქვს გამოცდილება და იცის, როგორ მოიგოს“, – დაასრულა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატანის „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე სწორედ მოურინიოს „ჩელსის“ ხვდება. წყვილის პირველი შეხვედრა 2 აპრილს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი