ტაბიძემ პირველი ვარჯიში შეაფასა
გეცოდინებათ, რომ უკვე მეორე დღეა მადრიდის “რეალის” 19-წლამდელთა გუნდში “საბურთალოს” ფეხბურთელიჯემალ ტაბიძე ვარჯიშობს. “სამეფო კლუბის” წარმომადგენლები ჩვენებურს რამდენიმე ხნის განმავლობაში დააკვირდებიან. აქვე გეტყვით, რომ ტაბიძეს მადრიდში საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი დახვდა.
ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს გუშინ ესპანურ კლუბში პირველი ვარჯიში ჰქონდა. აი, რას გვიყვება ტაბიძე საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ: “ძალიან კარგი გარემოა, გუნდში ჩემი თანატოლები მეგობრულად დამხვდნენ, მათგან სითბოსა და კეთილგანწყობას ვგრძნობ. რომ ვთქვა განსაკუთრებული ვარჯიში იყო-მეთქი, მასე ნამდვილად არაა. ჩვეულებრივი საწვრთნელი პროცესი იყო, აქცენტი კი ბურთის შენარჩუნებასა და გამძლეობაზე იყო გაკეთებული. მთლიანად ვარჯიშმა დაახლოებით 90 წუთი გასტანა, ბოლოს “ორი კარიც” ვითამაშეთ. მე, ჩემ პოზიციაზე, დაცვაში ვიმოქმედე. ჩვენს გუნდს მადრიდის “რეალის” ლეგენდა, ფერნანდო მორიენტესი ავარჯიშებს. ჩანს, რომ გუნდი ტექნიკურია და აქცენტი სწორედ ბურთთან ხშირ შეხებაზე კეთდება”, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ჯემალ ტაბიძემ.
დღეს კი მეორე სავარჯიშო დღეა – სამშაბათს მორიგი საწვრთნელი პროცესი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
fcsaburalo.ge