კახა ჭუმბურიძის პოზიცია აქტუალურ თემებზე
უკვე რამდენიმე დღეა “საბურთალოს” ფეხბურთელი ჯემალ ტაბიძე მადრიდის “რეალის” ასაკობრივ კლუბში გადის სტაჟირებას. ჩვენებური “სამეფო გუნდის” შემადგენლობაში 10 დღის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, თუმცა “საბურთალოს” გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით საინტერესო სიახლე გვითხრა:
“მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ტაბიძე კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დარჩება გუნდში, რათა 18 წლის ფეხბურთელმა სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები”, – განმარტა კახა ჭუმბურიძემ.
აქვე გეტყვით, რომ ჯემალ ტაბიძე ოთხშაბათს მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრასაც დაესწრო, სადაც “რეალმა” “დორტმუნდს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება იდეა უმაღლეს ლიგში მოასპარეზე გუნდების რაოდენობის გაზრდაზე, საუბარია 16 ან 18 გუნდიან ჩემპიონატზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირება ჩვენი კლუბის გენერალურ დირექტორს ვთხოვეთ:
“პირველ რიგში არასწორია სეზონის დასრულების დროს ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა. ალბათ უპრიანი იქნება საუბრის დონეზე ეს ყველაფერი სეზონის დასაწყისში მოხდეს. უნდა დასრულდეს დამტკიცებული დებულებით 2013-2014 წლების სეზონი, ამის შემდეგ კი უნდა მოხდეს მსჯელობა მომავალი ჩემპიონატის ფორმატზე.
პირადად მე, წინააღმდეგი ვარ 16 გუნდიანი ჩემპიონატის შექმნის, 18 კლუბზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ახლა, როდესაც 12 გუნდიანი პირველობა ტარდება ამ პერიოდშია თავზე საყრელად პრობლემები და გუნდების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ხომ საერთოდ მეტი სირთულეები იქნება. მგონია, რომ კლუბების შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი და არა მომატებაზე. საინტერესოა, იმ შემთხვევაში თუ გუნდების რაოდენობა გაიზრდება, რა პრინციპით უნდა შეირჩეს ესა თუ ის კლუბი, რომელიც უმაღლეს ლიგაში მოხვდება.
იმაზე აპელირება არასწორად მიმაჩნია, რომ ამა თუ იმ გუნდს ისტორია აქვს და უნდა ჰყავდეს კლუბი უმაღლეს ლიგაში. ამ პრინციპით თუ მივუდგებით, საფეხბურთო ისტორიისა და პოლიტიკური თვალსაზრისით უძლიერესთა რიგებში თამაშს ყველაზე მეტად “გაგრა” და სოხუმის “დინამო” იმსახურებენ. ამიტომ, არ უნდა დაირღვეს სპორტული პრინციპი და დებულება, რათა არ მივიღოთ აბსოლიტური გაუგებრობა.
თუ სახელმწიფო პროგრამა შემუშავდება, უმჯობესია ვიზრუნოთ ხარისხზე და არა გუნდების რაოდენობის გაზრდაზე. ძალიან საინტერესო ჩემპიონატი იყო 2004 წელს, როდესაც პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ 10 გუნდიანი ჩემპიონატი ოთხ წრედ ჩაატარა. სწორედ, ჩემპიონატის ამ დებულებით გამართვას ვემხრობი, რადგან მგონია, რომ აღნიშნული ფორმატით ჩემპიონატის ჩატარება ხელს შეუწყობს საფეხბურთო დონის ამაღლებასა და განვითარებას”, – აღნიშნა საუბარში კახა ჭუმბურიძემ.