“ტორპედო” – “დილა” 0:4
4 აპრილს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქვედა ექვსეულში ქუთაისის „ტორპედო“ საშინაო თამაშში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისი საშუალო ტემპში და გორელთა ბურთის ფლობით წარიმართა. მათ პირველივე სახიფათო იერიშს გოლი მოჰყვა, ბოლქვაძემ გაისწორა ბურთი ტორპედოელთა საჯარიმოს მისადგომებთან და გიორგი ბერიაშვილს უპასა, რომელსაც კარის აღება არ გასჭირვებია – 0:1. მე-10 წუთზე, ელიავამ დაახლოებით 35 მეტრიდან გაუშვა ძლიერი დარტყმით ბურთი მეტოქის კარისკენ, მაგრამ დარტყმული ოდნავ ვერ მოზომა. მე-16 წუთზე, გურეშიძის გასროლა ვიხილეთ, ბურთს კვასხვაძემ შეაგება მუშტი და მეორე ცდაზე დაიმორჩილა. აქედან ერთ წუთში ქუთაისელთა კარში პენალტი დაინიშნა, თანაც, შალამბერიძის წაქცევისთვის მსაჯმა სევასტი თოდუას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, თუმცაღა ჯენერი ხორავას ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების ადეკვატურობაში ეჭვის შეტანა არც თუ ისე უსაფუძვლო იქნება. საჯარიმო დარტყმის რეალიზება ლუკა რაზმაძემ ითავა – 0:2. მოვლენების ამგვარი განვითარებით ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი სცენარით გაგრძელდებოდა დღევანდელი მატჩი. 30-ე წუთზე, ბერიაშვილის პასით კობა შალამბერიძემ კიდევ უფრო განამტკიცა „დილას“ უპირატესობა – 0:3. ამით, ინტრიგა საბოლოოდ „მოკვდა“ და დარჩენილი ერთი საათიც სრულ ფორმალობად იქცა. ქუთაისელებს პრესტიჟის გოლის გატანის შანსები პირველი ტაიმის მიწურულს მიეცათ, მაგრამ გელაშვილს მეკარემ მოუგერია, ხარაბაძემ კი ბურთი კარს ზემოდან სანტიმეტრებით გადააცილა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მასში სახიფათო მომენტები კანტიკუნტად და ისიც გორელთა აქტიურობითიქმნებოდა. გოლების ანგარიში კი მან დახურა, ვინაც გახსნა, 87-ე წუთზე, ექს-ტორპედოელმა გიორგი ბერიაშვილმა მეკარე ადამიას აუარა გვერდი და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 0:4.
გუნდების შემადგენლობები, მატჩის სტატისტიკა –http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=239
FCTorpedo.GE