U18 ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატზე
სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი, მწვრთნელი მამუკატყეშელაშვილი, მწვრთნელი ლევან შარაშიძე, ფიზ–მომზადების მწვრთნელი გიორგი ნადარეიშვილი,მენეჯერი პაატა მაისურაძე.
ამაღამ 6 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება, სადაც FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. ელიტ-დივიზიონში მონაწილეობს 8 გუნდი, აქედან პირველი 6 ავტომატურად მონაწილეობს, ხოლო ბოლო ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ხვდება გათამაშებაში.
2012 და 2013 წლებში 18 წლამდე ბორჯღალოსნებმა ორჯერ დაამარხცეს იტალიის თანატოლთა ნაკრები, რითაც მე-6 ადგილი დაიმსახურეს, აქედან გამომდინარე, ტურნირის ორგანიზატორებმა შარშან გადაწყვიტეს ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვება.
ელიტ დივიზიონი
წლევანდელი ერვოპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთში, პოზნანში 11-19 აპრილს გაიმართება.
ტურნირის ორგანიზატორების თანახმად, მატჩების ტრანსლირება სტრიმინგის საშუალებით FIRA AER-ის Dailymotion გვერდზე იწარმოებს – Dailymotion.com/FIRA-AER
შარშანდელი გათამაშების მსგავსად, ტურნირის პირველ რაუნდში ქართველი 18 წლამდელები პირველ მატჩს ირლანდიასთან გამართავენ. მატჩი ოპალენიცას სტადიონზე, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მეორე რაუნდი 15 აპრილს გაიმართება. პირველ რაუნდში მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს U18 ნაკრები საფრანგეთი-იტალიის წყვილიდან ერთ-ერთს შეხვდება. ტურნირის ფინალურ რაუნდში, რომელიც 19 აპრილს შედგება, ჩვენი ნაკრების მეტოქე ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.
კომენტარი
დავით ჩავლეიშვილი, U18 ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „საფუძვლიანი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. საბედნიეროდ, საბოლოო, სატურნირე შემადგენლობაში ტრავმებს ადგილი არ აქვს და ბიჭების ფიზიკური ფორმითაც კმაყოფილი ვარ.
„ჩვენ ტურნირამდე ორი შეკრება გავიარეთ. რამოდენიმე თვის წინ ორი სპარინგი ვითამაშეთ უკრაინელ 20 წლამდელებთან. ორივე შეხვედრა ძალზედ სასარგებლო იყო ჩემი გუნდისათვის, ვინაიდან ამ შემადგენლობამ ერთად პირველად მაშინ ითამაშა. უკანასკნელ შეკრებაზე უმნიშვნელოვანესი სპარინგები გავმართეთ კლერმონის 18 წლამდელებთან. ამ შეხვედრებით უფრო შეთამაშდა გუნდი და გამოიკვეთა ძლიერი თუ სუსტი მხარეები. დარჩენილი დრო ხარვეზების გამოსწორებას დავუთეთ.
„პირველი შეხვედრა ირლანდიის 18 წლამდელებთან გვაქვს. შარშანდელივით ირლანდია საკმაოდ ძლიერი გუნდია. ჩვენ ვეცდებით შერკინების და ხაზის დაბალანსებული თამაში დავუპირისპიროთ მათ. კლერმონის ტესტზე გამოჩნდა, რომ მოძრავი მოთამაშეები გვყავს მეორე და მესამე ხაზში, რომლებიც შესაბამისად დიდ პრობლემებს შეუქმნიან მოწინააღმდეგეს და უკანა ხაზს მნიშვნელოვნად დაეხმარებიან.“
Rugby.GE