ბერბატოვს ერიკ კანტონას გზის არჩევა სურს
„მონაკოს“ ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი, რომელიც თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, აცხადებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ერიკ კანტონას გზის არჩევა სურს. 33 წლის ფეხბურთელის მხრიდან საუბარია სამსახიობო კარიერის დაწყებაზე.
„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც კარიერის განმავლობაში მივაღწიე, თუმცა ძალისხმევას არც ახალი კლუბისთვის არ ვიშურებ. როდესაც ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ, თვითკმაყოფილი ღიმილით შემეძლება უკან გახედვა, რადგან ბევრ რამეს მივაღწიე.
ერიკ კანტონასთან ჩემი შედარება არასამართლიანია. ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდებული ფეხბურთელი იყო. მის მიერ გატანილი გოლები საფირმო ნიშნებად იქცა. შესანიშნავი მოთამაშე იყო. შემდეგ კინოებში მონაწილეობის მიღება დაიწყო.
თავად მეც კინემატოგრაფიის დიდი მოყვარული გახლავართ. როდესაც კარიერას დავასრულებ, კინოში გადაღებაზე უარს მეც არ ვიტყვი“, – განაცხადა ბერბატოვმა „ევროსპორტის“ ეთერში.
იქვე ბულგარელი თავდამსხმელი აღნიშნავს, რომ მოთამაშის კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.
ბექა დოგრაშვილი