ფედერაციამ პირველი ლიგის გუნდები დასაჯა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეეტმა ეროვნულ ჩემპიონატის პირველ ლიგაში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით იმსჯელა და რამდენიმე გუნდი დასაჯა.
პირველი ლიგის A ზონის მატჩის დროს ქობულეთის “შუქურასა” და ფოთის “კოლხეთს” შორის მომხდარი გულშემატკივართა ჩხუბის გამო ორივე გუნდი 1400-1400 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა “შუქურა” მომდევნო სამ შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს. სასჯელი ხვალინდელ თასის ნახევარფინალზეც გავრცელდება. “შუქურას” ასევე სტუმართა დამტვრეული ავტობუსის შეკეთებაც დაეკისრა.
ამით პირველ ლიგაში მომხდარი სამარცხვინო ფაქტები არ ამოწურულა. 28 მარტს, ქედაში, ადგილობრივ “ბეთლემსა” და ვანის “სულორის” მატჩის მსველლობისას მასპინძელთა გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ, რაც უკვე ტრადიციად იქცა, და შეხვედრის მთავარ მსაჯს სასტიკად გაუსწორდნენ. ქედის “ბეთლემი” 10 000 ლარით დაჯარიმდა და 0:3 ჩაეთვალა. ქედელები ჩემპიონატის 5 თამაშს საკუთარ მოედანზე ვერ ჩაატარებენ.