,,შსს აკადემია” ფინალში გავიდა
20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტთა ვინაობა ცნობილია. გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა „შსს-აკადემიამ“ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში 66:55 მოუგო „ოლიმპს“ და 2 დღის წინ ფინალში გასულ „ქუთაისს“ შეუწყვილდა.
დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართული ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი „შსს-აკადემიის“ უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ ისე დასრულდა, ოლიმპელებმა ვითარების შეცვლა ვერ მოახერხეს.
ოლიმპელმა ბექა ნადირაძემ მატჩის პირველი ბურთი რომ ჩააგდო და თავისიანები 2:0 დააწინაურა, ამის შემდეგ „შსს-აკადემიის“ შტურმი დაიწყო. ქიტოშვილის, ლოლიშვილის, როგავას და მათი თანაგუნდელების ქულებით აკადემიელებმა 6-წუთიანი მონაკვეთი 18:0 მოიგეს.
„ოლიმპმა“ საქმის გამოსწორება დაცვით დაიწყო და საიმედოდაც იცავდა საკუთარ ფარს, თუმცა შეტევაში იმდენად ეფექტური ვერ იყო, რომ ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეემცირებინა. პირველი მეოთხედი 22:10 დასრულდა, რის შემდეგაც თანაბარი ბრძოლა წარიმართა და თამაში ისე დასრულდა, აკადემიელთა გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია.
გამარჯვებულებს 18 ქულით ლევან ლოლიშვილმა ულიდერა, შოთა გელაზონიამ კი 10 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა. მცირედი დააკლდა ორმაგ დუბლამდე ლერი კვანტალიანს, რომელმაც 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
ოლიმპელთა რიგებში 12 ქულით საუკეთესო ნიკა ბაქრაძე იყო, ნოდარ გოგოძემ და გიორგი იაკობიძემ კი შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს.
ფინალურ სერიაში ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და“ქუთაისი“ დაუპირისპირდებიან. სერია 2 მოგებამდე გრძელდება, პირველი მატჩი კი 12 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მეორე მატჩს კი 14 აპრილს ქუთაისი უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ოლიმპს’’ კარგ თამაშს, საინტერესო ნახევარფინალური სერია გამოვიდა. მინდა პატივისცემა გამოვხატო მოწინააღმდეგე გუნდის და პირადად ზაზა ცაგარეიშვილის მიმართ. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ბიჭებმა ნამდვილად ძალიან კარგად იასპარეზეს, გამოვასწორეთ წინა თამაშში დაშვებული შეცდომები და დღეს რადიკალურად სხვანაირი თამაში ვაჩვენეთ. თავიდანვე მოვიპოვეთ ლიდერობა და ბოლომდე შევინარჩუნეთ. ხვალიდან უკვე ფინალისთვის მომზადებას დავიწყებთ, ,,ქუთაისი’’ სერიოზული მეტოქეა და ყველაფერს გავაკეთებტ, რომ გავამართლოთ ლიდერი გუნდის სახელი და წარმატებას მივაღწიოთ.
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ ფინალში გასვლას, ნამდვილად კარგი სერია შედგა. თუმცა დღეს აშკარად იგრძნობოდა მსაჯების სიმპატიები ,,შსს აკადემიის’’ მიმართ. ღირსეულად ვითამაშეთ, იყო მომენტები, როცა შეიძლებოდა თამაშის გამოსწორება და სწორედ ამ დროს მსაჯები მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ასეთ დაძაბულ შეხვედრაში მაღალი ხარისხის თამაში მოსალოდნელი არ ყოფილა. სპორტში ასე ხდება, ხან მოიგებ, ხან წააგებ. სამწუხაროა, რომ მსაჯების გამო აღმოვჩნდით ფინალს მიღმა.
დავით როგავა(,,შსს აკადემია’’): წინა თამაშის შემდეგ გავაანალიზეთ შეცდომები და მაქსიმალურად ვეცადეთ გამოგვესწორებინა ისინი. მწვრთნელებმა დიდი სამუშაო გაწიეს და მოთამაშეებმაც მოვინდომეთ. რაც შეეხება ფინალს, ვფიქრობ ჩვენ და ,,ქუთაისს’’ თანაბარი შანსები გვაქვს. მაყურებელს კი საინტერესო სანახაობას ვპირდებით.
u-20.ge