ფორმატის მორიგი ცვლილება?
ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის ფორმატის კიდევ ერთხელ შეცვლაზე საუბრები. ლაპარაკია ქვეყნის მთავარ ლიგაში გუნდების რაოდენობის 16 ან 18 გუნდამდე გაზრდაზე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო წრეებში განსახილველად გათამაშების სავარაუდო მოდელებიც კი წარადგინა. ფაქტია, რომ ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანო ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას ემხრობა, რასაც სპორტის სამინისტრო და ქვეყნის რამდენიმე წამყვანი კლუბი ეწინააღმდეგება.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უმრავლესობა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს, კარგად არ არის ჩახედული ქართული ფეხბურთის დღევანდელ რეალობაში. არადა ასე ნამდვილად არ არის. აქ უფრო ეგოიზმის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, როდესაც უმაღლესის აუტსაიდერს ნებისმიერი ხერხით სურს ქვეყნის მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნება და იმის მიხვედრა, რომ ლიგის საერთო დონე ამით მკვეთრად დაეცემა, არ უნდა.
საოცარია, გუნდების გაზრდაზე საუბარი, როდესაც 12-გუნდიან ლიგაში ნახევარი სხვის სტადიონებზე თამაშობს. სირცხვილია, რომ ქვეყანაში 12 გამართული სტადიონი ვერ მოიძებნა და ამ დროს ლიგის გაფართოებაზე გვაქვს პრეტენზია.
პირველ ლიგაში კი, ყველამ კარგად იცის რა პირობებია და სად უწევთ გუნდებს თამაშების ჩატარება. თუნდაც, რამდენიმე დღის წინ, ჩვენს საიტზე დადებული ვიდეოს მეშვეობით შეიძლება ზოგადი სურთის შექმნა.
სტადიონებს და ინფრასტრუქტულურ საკითხებს თავი რომ დავანებოთ, ღიად რჩება დაფინანსების საკითხიც. პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან სტაბილური დაფინანსება “შუქურას”, “ლოკომოტივის” და “საბურთალოს” გარდა თითქმის არავის არ აქვს. ორი უკანასკნელი უმაღლესზე საერთოდ არ ფიქრობს. დანარჩენი გუნდებს კი, ბიუჯეტი წლის ბოლომდე აქვთ გაწერილი და არავინ იცის მომდევნო წელს რა და როგორ იქნება… შესაძლოა უმაღესლში გადმოსულმა გუნდმა სეზონის შუა ნაწილში არსებობაც კი შეწყვიტოს. მოდით გულახდილები ვიყოთ, და ისიც ვთქვათ, რომ არც ფეხბურთელების რესურსი გვაქვს ისეთი, რომ 18 ან თუნდაც 16 გუნდს ეყოს. საჭირო გახდება ლეგიონერების ჩამოყვანა, რაც ისევ და ისევ ფინანსებს უკავშირდება.
ქართულ რეალობაში იდეალურად 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა გვესახება, რომელიც 4-წრედ ჩატარდება. აღნიშნული ფორმატი 36 ტურს ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს თამაშების საკმარისი რაოდენობა ექნებათ. გაიზრდება დაძაბულობის დონეც, შემცირდება უმოტივაციო გუნდების რაოდენობა და რაც მთავარია ამით ხელი პირველი ლიგის დონის ამაღლებასაც შეეწყობა.