U18 პირველი ტურნირის პირველი მატჩისათვის ემზადება
11 აპრილს რაგბის ქართველ ქომაგებს დატვირთული დღე ელით. 11:00 საათზე U20 ბორჯღალოსნები მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის მეორე რაუნდში აშშ-ს შეხვდებიან (მატჩის მიმდინარეობისას კვლავ ტექსტური ლაივი იწარმოებს რაგბის კავშირის Facebook და Twitter პლატფორმებზე), ხოლო თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშების მატჩი საქართველოსა და ირლანდიის 18 წლამდე ნაკრებებს შორის, რომელიც ოპალენიცას სტადიონზე შედგება
ტურნისირს ორგანიზატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციით მატჩის სთრიმის მეშვეობით ნახვა შესაძლებელი იქნება ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Eurorugby2014.pl და FIRA AER-ისDailymotion.com/FIRA-AER პლატფორმაზე.
ელიტ დივიზიონი
წლევანდელი ერვოპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთში, პოზნანში 11-19 აპრილს გაიმართება.
შარშანდელი გათამაშების მსგავსად, ტურნირის პირველ რაუნდში ქართველი 18 წლამდელები პირველ მატჩს ირლანდიასთან გამართავენ. მატჩი ოპალენიცას სტადიონზე, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მეორე რაუნდი 15 აპრილს გაიმართება. პირველ რაუნდში მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს U18 ნაკრები საფრანგეთი-იტალიის წყვილიდან ერთ-ერთს შეხვდება. ტურნირის ფინალურ რაუნდში, რომელიც 19 აპრილს შედგება, ჩვენი ნაკრების მეტოქე ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა
U18 პოლონეთში აგრძელებს მზადებას
ჩვენი 18 წლამდელები პოზნანში 6 აპრილს გაემგზავრნენ, სადაც პირველი მატჩისათვის მზადებას განაგრძობენ. უმცროსი ბორჯღალოსნები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის თქმით გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია. საბედნიეროდ მზადება ტრავმების გარეშე მიმდინარეობს.
ხვალ, 10 აპრილს ნაკრები ოპალენიცას სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავს, რომლის შემდეგაც დასახელდება გუნდის სამატჩო რაზმი.
დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 18 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„ოთხი დღეა რაც ჩამოვედით. სავარჯიშოდ კარგი პირობებია. ყოველდღე კარგ მოედანზე ვვარჯიშობთ. დღეში ორ ვარჯიშს ვატარებთ მინდორზე და დარბაზშიც ბევრს ვარჯიშობენ ბიჭები. ხვალ, ოპალენიცას სტადიონზე ჩავატარებთ კაპიტნის ვარჯიშს.
„საბედნიეროდ გუნდში არავინაა ტრავმირებული. ბიჭებიც ოპტიმალურ ფორმაში არიან, დალაგდნენ და დაღლილობამაც გადაიარა. შეკრებისა და ჩატარებული სპარინგ მატჩების ეიფორიამ ჩაიარა უკვე. აქაურ ვარჯიშებს ხარვეზების გამოსასწორებლად ვიყენებთ. რაც მთავარია, ის სუსტი მხარეები რაც კლერმონთან გამოჩნდა გამოსწორებულია.
„პირველივე შეხვედრა ირლანდიის 18 წლამდელთა ნაკრებთან გვაქვს. სამწუხაროდ მათი თამაშის ნახვის და შესწავლის საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ ირლანდიელები ამ ასაკში სტანილურად ძლიერები არიან და ჩვენც შესაბამისად ვემზადებით მათთან სათამაშოდ. როგორც მწვრთნელმა მინდა განვაცხადო, რომ გუნდი გაუმჯობესებულია და კარგი მდგომარეობაა, როგორც შერკინებაში, ასევე ხაზში. ყოველ შემთხვევაში ირლანდიასთან თამაშში ჩვენი მხრიდან არ იქნება მხოლოდ შერკინების დომინირება, ხაზის მოთამაშეებიც საფუძვლიანად ჩაერთვებიან.
„ჩვენ ელიტ დივიზიონში ვთამაშობთ და აქ ცუდი მოწინააღდეგე არ არის, ყველა ძლიერია. ირლანდიის შემდეგ, საფრანგეთთან ან იტალისთან მოგვიწევს თამაში. ორივე ძლლიერი გუნდია. იტალიასთან ჩვენ 18 წლამდელებს წინა ტურნირებზე უთამაშიათ და ყველა შეხვედრა მოგებით დაასრულეს, მაგრამ საფრანგეთთან ჯერ არ გვითამაშია. წელს ჩვენ მიზანს მე-6 ადგილის გაუმჯობესება წარმოადგენს და ამიტომ ყველა მატჩს ინდივიდუალურად მივუდგებით და მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ, მაგრამ ჯერ ირლანდიის თამაშია წინ და შესაბამისად ჩვენი სრული კონცენტრაცია ამ მატჩზე არის გადატანილი.“
Rugby.GE