გამწვანების აქცია ზესტაფონელთა ბაზაზე
2014 წლის 10 აპრილს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო ღონისძიება გაიმართა – იმერული კლუბის ფეხბურთელებმა, გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებმა, პერსონალმა და გულშემატკივრებმა ბაზის ტერიტორიაზე კვიპაროსის ხის რამდენიმე ათეული ნერგი დარგეს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის რამდენიმე თვის წინანდელ ქადაგებას, რომელიც მრევლს ნერგების დარგვასა და ჩვენი ქვეყნის გამწვანებისაკენ მოუწოდებს, პერიოდულად ეხმაურებიან საზოგადოების, სახელისუფლებო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები…
მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ინიციატივითა და ეპარქიის ხელშეწყობით ზესტაფონში გამწვანების რამდენიმე აქცია აქამდეც მოეწყო. დღეს კი ასეთი ღონისძიება საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.
უნდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი ღონისძიება მეუფე დიმიტრისა და მამა იოანე მალაღურაძის უშუალო დახმარებითა და ლოცვა-კურთხევით გაიმართა. ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე კვიპაროსის ხის რამდენიმე ათეული ნერგი დაირგო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი უდაოდ ის გარემოებაა, რომ ამ კეთილშობილურ საქმეში გუნდთან ერთად მისი ერთგული გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.
გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც დღევანდელი აქციის მიმდინარეობას ასახავს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური