სერია A – პრევიუ
იტალიური ლიგის მთავარი ინტრიგა ევროთასებზე გამსვლელი გუნდების ვინაობის გარკვევაა. ტრადიციულად, გთავაზობთ მორიგი ტურის პრევიუს.
სამპდორია – ინტერი
მეხუთე პოზიციაზე მყოფი “ინტერის” “სამპდორიაში” ჩავა. მილანელებს ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. თუმცა, ამ ოთხი შეხვედრიდან უკანასკნელი სამი მაცარის შეგირდებმა ფრედ დაასრულეს. მიუხედავად ასეთი წარუმატებელი ასპარეზობისა “ინტერი” მეხუთე პოზიციის შენარჩუნებას მაინც ახერხებს.
“სამპდორია” კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში არაფრისთვის აღარ იბრძვის. გენუელები მე-12 პოზიციაზე არიან და ევროზონას 9 ქულით ჩამორჩებიან, რაც ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე სოლიდური უპირატესობაა.
მილანი – კატანია
ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი “მილანი” გათამაშების გამოკვეთილ აუტსაიდერს, “კატანიას” უმასპინძლებს. ზეედორფის შეგირდებს უკანასკნელ 4 ტურში 10 ქულა მოუგროვდათ, რაც წლევანდელი “მილანისთვის” შესანიშნავი შედეგია.
კარგ თამაშს უშედეგოდ არ ჩაუვლია და ევროთასებზე მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ მაინც თეორიულია. კონკურენცია საკმაოდ დიდია, მილანური კლუბი კი, ჯერ მხოლოდ მეთერთმეტე პოზიციაზე არის დამკვიდრებული.
ნაპოლი – ლაციო
ევროსაგზურის კიდევ ერთი მაძიებელი, რომის “ლაციო” ნეაპოლს ესტუმრება და მესამე ადგილზე დამკვიდრებულ “ნაპოლისთან” მოსინჯავს ძალებს.
გასულ ტურში “ნაპოლი” “პარმასთან” დამარცხდა და საკუთარი გულშემატკივრის წინ რეაბილიტირებას სწორედ “ლაციოსთან” შეეცდება.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ქულები ამ დუელში გაცილებით მეტად რეიას შეგირდებს სჭირდებათ. “ნაპოლის” მესამე პოზიცია ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.
12/04/14
13/04/14
14/04/14