სტივ ჯერარდი: „დარჩენილი მატჩები ჩვენთვის ფინალის ტოლფასია“
ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში „ლივერპულმა“ ჩემპიონობისთვის უშუალო კონკურენტ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა, რითაც ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თუ მერსისაიდული გუნდი დარჩენილ ოთხივე შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს, ჩემპიონიც გახდება, მიუხედავად კონკურენტების შედეგებისა.
გუშინდელი მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ კაპიტან სტივენ ჯერარდს სიხარულისგან ცრემლებიც კი წასკდა და ეს არც არის გასაკვირი, მას ხომ ინგლისის ჩემპიონატი ამ დრომდე არ მოუგია?! „წითლების“ ლიდერმა შემდეგ თანაგუნდელები შემოიკრიბა და მომდევნო შეხვედრისთვის აამხედრა.
ჯერარდის თქმით, დარჩენილი ოთხი მატჩი „ლივერპულისთვის“ ფინალის ტოლფასია.
„ემოციური მატჩი იყო, თუმცა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. კიდევ ოთხი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. შესაძლოა, ეს ჩვენს მიერ გაკეთებული უმთავრესი საჩემპიონო განაცხადი იყოს.
მატჩი უსასრულოდ დიდხანს გაგრძელდა. ეს ჩემი ყველაზე ხანგრძლივი 90 წუთი იყო. მეგონა, რომ დრო უკან მიდიოდა.
ახლა კიდევ ოთხი მატჩი გვაქვს სათამაშო. თითოეული შეხვედრა ფინალის ტოლფასია. ბევრი ამბობდა, რომ „სიტისთან“ მატჩი მთავარი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. ახლა „ნორვიჩთან“ ჩასატარებელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი არაფერი არაა. ჯერ არაფერი მოგვიგია“, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს „ბი ბი სი“.
„ლივერპული“ დარჩენილ ოთხ ტურში შემდეგ გუნდებს დაუპირისპირდება: „ნორვიჩ სიტი“ (სტუმრად), ლონდონის „ჩელსი“ (შინ), „კრისტალ პალასი“ (სტუმრად), „ნიუკასლ იუნაიტედი“ (შინ).
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატი უკანასკნელად 1989-90 წლების სეზონში მოიგო.
ბექა დოგრაშვილი