კვირის კარიკატურები — განწირული მოიესი, „მილანის“ ჯადოქრები, გლადიატორი გვარდიოლა, აზარი პარიზში
დევიდ მოიესის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა და საკითხავია, როდის დაუბრუნდებიან „წითელი ეშმაკები“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს. ომარ მომანის ამ კარიკატურაზე მოიესი გემის კატასტროფის შედეგად განწირული ადამიანის როლშია წარმოჩენილი.
იტალიის სერია A-ს 32-ე ტური „ჯენოასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩით დაიხურა. შეხვედრა კლარენს ზეედორფის გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო. სტუმართაგან პირველი გოლი ადელ ტაარაბტმა გაიტანა, მეორე გოლი კი კეისუკე ჰონდას ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს სერია A-ში პირველი გოლია. ამრიგად, „მილანმა“ იანვარში დამატებული ფეხბურთელების წყალობით იმარჯვა. მარიო ბალოტელის კი 12 იანვრის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში გოლი არ გაუტანია.
„ბარსელონაში“ მუშაობის პერიოდში პეპ გვარდიოლას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რამდენიმე ღირსეული ბრძოლა აქვს ჩატარებული.
ახლა 43 წლის სპეციალისტი მიუნხენის „ბაიერნს“ თავკაცობს და კვლავ უწევს „რეალის“ წინააღმდეგ გუნდის მომზადება. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „ბაიერნი“ სწორედ „რეალს“ შეხვდება.
როგორც ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში გაუწყეთ, ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას არ გამორიცხავს: „თუ ჩემი მეუღლე პარიზში გადაბარგებას მთხოვს, ამ ვარიანტის განხილვა მომიწევს“.
ბელგიელი ფეხბურთელის ამ განცხადებას მიუძღვნა ომარ მომანმა შემდეგი კარიკატურა.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com