“სიონთან” მორიგი მატჩის წინ
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 19 აპრილს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.
ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 27 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 16 მოგება, 7 ფრე და 4 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 32:9.
აქვე უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი სადღეისოდ მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერთა სამეულში იმყოფება. ბოლნისის “სიონსა” და “ზესტაფონს” შორის 19 აპრილს გასამართი შეხვედრა, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 16:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური