“სიონმა” “ზესტაფონი” დაამარცხა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა დღეს უმაღლესი ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და “ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.
მატჩი საკმაოდ მშვიდად დაიწყო. პირველი მომენტის შექმნა ნომინალურმა მასპინძლებმა მოახერხეს, თუმცა “ზესტაფონელთა” კიპერი ბოიან პავლოვიჩი ბურთს ადგილზე დახვდა. ამას კახელიშვილის ფლანგური გარღვევა მოჰყვა, რომელსაც გრიგალაშვილი ვერ გაუმკლავდა და სიონის შემტევი პავლოვიჩთან ფაქტობრივად პირისპირ დატოვა, თუმცა სტუმართა მეკარე კვლავ დამაჯერებელი იყო. “სიონის” იერიშებს “ზესტაფონი” შორეული, მაგრამ არაზუსტი დარტყმებით პასუხობდა.
ანგარიში შეხვედრაში 33-ე წუთზე გაიხსნა. “სიონის” შეტევის მარჯვენა ფლანგზე, აუტის ხაზთან ახლოს დანიშნული ჯარიმი შესრულება ბოლნისელთა კაპიტანმა. ალექსანდრე გოგობერიშვილმა ითავა და როგორც შემდეგ გაირკვა სწორადაც მოქცეულა. გოგობერიშვილის ჩაწოდებული ბურთი პავლოვიჩის კარში ისე შევარდა, რომ მას არც მასპინძელთა და არც სტუმართა გუნდის ფეხბურთელი არ შეხებია.
მასპინძელთა სიხარული ხანკომკლე აღმოჩნდა. სულ რაღაც 5 წუთში “სიონის” საჯარიმოსთან დაინიშნა სახიფათო სტანდარტი, რომელიც გეწაძემ გოლად აქცია და ანგარიშიც გაათანაბრა.
მეორე ნახევარში გუნდებმა ტემპს უმატეს. შეხვედრის განახლებიდან 2-3 წუთი იქნებოდა გასული, როდესაც გიორგი კახელიშვილს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა. ამ მომენტიდან ზუსტად ერთ წუთში კი, “ზესტაფონის” დაწინაურება დოლიძეს შეეძო, რომელიც მერლანთან პირისპირ აღმოჩნდა. ბოლნისელთა გოლკიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება შესძლო.
ტაიმი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. უნდა აღინიშნოს შარიქაძის კარგი თამაში, რომელიც “ზესტაფონის” ყველა შეტევას დირიჟორობდა. თუმცა, 75-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში სწორედ შარიქაძის მიერ თამაშის წესების დარღვევას “ზესტაფონის” კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც გოგობერიშვილმა ზუსტას შეასრულა და საკუთარი გუნდი შეხვედრაში მეორედ დააწინაურა.
დარჩენილ დროში “ზესტაფონი” სრული ძალებით უტევდა, მაგრამ უშედეგოდ. “სიონმა” კიდევ ერთი ლიდერის დამარცხება მოახერხა და ევროთასებს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
სიონი 2-1 ზესტაფონი
გოლები: გოგობერიშვილი 33′ (1:0): გეწაძე 38′ (1:1); გოგობერიშვილი 75′ (2:1)
სიონი: მერლანი, აბრამიძე, ფოფხაძე, სვანიძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, იმედაშვილი, ლობჟანიძე (კანდელაკი 90′), თოთაძე, სამხარაძე (განუგრავა 62′), კახელიშვილი (უგრეხელიძე 82′)
სათადარიგოები: ზუხბაია, ადამია, ქემოკლიძე, მამასახლისი
მწვრთნელი: ვლადიმერ ბურდული
ზესტაფონი: პავლოვიჩი, გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე, გურული, შარიქაძე, ჭანკოტაძე (კაპანაძე 77′), ჭანტურიშვილი, დოლიძე (ფანცულაია 70′), გეწაძე, ტატანაშვილი (საბანაძე 64′)
სათადარიგოები: მეშველიანი, გრიგალაშვილი, სარდალიშვილი, გაგოშიძე.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები