“ტორპედო” – “მერანი” 5:1
18 აპრილს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სამდღიანი ტურის ერთი მატჩი გაიმართა. მეორე ექვსეულში ქუთაისის „ტორპედომ“ აიუტსაიდერ მარტვილის „მერანს“ „მიხეილ მესხზე“ გაუწია მასპინძლობა.
თამაშს პირველივე წუთიდან ბოლომდე „ტორპედო“ აკონტროლებდა და ამგვარი სცენარიდან გამომდინარე ეჭვიც არავის ეპარებოდა ქუთაისელთა გამარჯვებაში. ბოლოადგილოსანმა „მერანმა“, რომელიც მის უკანასკნელ თამაშებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მოწინააღმდეგეს, ფაქტობრივად, ვერანაირი „იარაღი“ ვერ დაუპირისპირა. მარტვილელები განსაკუთრებით ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებულ სწრაფ კონტრშეტევევს ვერ უმკლავდებოდნენ. გოლებიც უმეტესად ასეთი სახის იერიშებით გავიდა: მე-15 წუთზე, ჩიკვილაძის გონივრული გადაცემით ოთარ კვერნაძემ მარჯვედ აუარა გვერდი იობაშვილსა და მამალაძეს, შემდეგ კი ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 1:0. 33-ე წუთზე, ლექვთაძის პასით თეიმურაზ მარკოზაშვილი წააქციეს საჯარიმოში და მსაჯმაც დაუყუნებლივ გაიშვირა ხელი ნიშნულისკენ, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და „ტორპედოში“ თავისი პირველი გოლი მიითვალა(2:0), თუმცა „მარკიზიო“ დღეს ამაზე არ გაჩერებულა. მე-40 წუთზე, ინტრიგა მატჩს ლევან გეგეჭკორმა დაუბრუნა, რომელმაც მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა საგოლედ – 2:1. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში კიდევ უფრო ნათელი გახდა „ტორპედოს“ უპირატესობა და პრაგმატული თამაშის ხარჯზე ანგარიშიც მხოლოდ რევაზ ძოძუაშვილის გუნდის სასარგებლოდ იცვლებოდა. 51-ე წუთზე,ირაკლი ლექვთაძემ გამოიყენა საჯარიმოს შიგნიდან გატანის შანსი – 3:1. 78-ე წუთზე, ელიავას პასითოთარ კვერნაძემ „უმაღლესში“ პირველი დუბლი შეასრულა მეკარესთან პირისპირ გასვლის მერე – 4:1. 83-ე წუთზე კი თანაგუნდელს თეიმურაზ მარკოზაშვილმა „მიჰბაძა“ და უმაღლეს ლიგაში თავის პირველ გოლს, ამჯერად ელიავას პასით მეორეც მიუმატა – 5:1. ასე და ამგვარად, „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატში ერთ მატჩში მისთვის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და მე-10 გამარჯვება მოიპოვა, თანაც, ძალიან დამსახურებული და საჭიროც.
გუნდების შემადგენლობები, მატჩის სტატისტიკა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=241
FCTorpedo.GE